Loading data...
გორდულაძე ბრიუსელიდან კრიტიკულ განცხადებებზე: ასეთი განცხადებები განსაკუთრებით კეთდება 2021 წლის შემდეგ, რადგან აღმოჩნდა, რომ საქართველოში არსებობს ხელისუფლება, რომელმაც გაბედა და მოთხოვნებსა და მითითებებზე უარი თქვა

ასეთი განცხადებები განსაკუთრებით კეთდება 2021 წლის შემდეგ, რადგან აღმოჩნდა, რომ საქართველოში არსებობს ხელისუფლება, რომელმაც გაბედა და კონკრეტულ მოთხოვნებსა და მითითებებზე უარი თქვა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა ჰკითხა, რას უკავშირებს ასეთ გააქტიურებულ კრიტიკულ განცხადებებს ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან.

„საზოგადოებასაც, ალბათ, უკვე თვლა აერია, მერამდენე რეზოლუციაა, ექვსს ნამდვილად გადასცდა. განცხადებების თვლაც უკვე შეუძლებელია. ასეთი განცხადებები განსაკუთრებით კეთდება 2021 წლის შემდეგ, რადგან აღმოჩნდა, რომ საქართველოში არსებობს ხელისუფლება, რომელმაც გაბედა და კონკრეტულ მოთხოვნებსა და მითითებებზე უარი თქვა.

შესაბამისად, უნდა დაისაჯოს არა მხოლოდ ის ხელისუფლება, რომელიც მითითებებს არ ასრულებს „ქართული ოცნების“ გუნდის სახით, არამედ დაისაჯოს ხალხიც, რომელიც ბედავს და ირჩევს იმ ხელისუფლებას, რომლის მთავარი მიზანია, ქვეყანა ორ ფეხზე მყარად იდგეს, სუვერენიტეტი გამყარებული და გაძლიერებული იყოს და ამავდროულად, ეკონომიკური განვითარებაც გაგრძელდეს და თითოეულ ადამიანამდე მივიდეს. ამ ფონზე ვხედავთ, რომ ევროპარლამენტი მასკარადად არის გადაქცეული, როდესაც ტრანსპარანტებით დგანან ადამიანები და შოუს აწყობენ. ამ ტრანსპარენტებზე ასახულები არიან სისხლიანი, მწამებლური რეჟიმის შემოქმედები და მათში მონაწილეები“, - აღნიშნა გორდულაძემ.