Loading data...
გორდულაძე BBC-ის წინააღმდეგ საჩივარზე: როგორც ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ რუსეთს სამართლებრივად ოკუპანტი რქმეოდა, ზუსტად ანალოგიურად ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ საქართველოს სიმართლის ხმა ყველა დონეზე ისმოდეს

ყველა მექანიზმი გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა გუნდმა თავისი სიმართლე დაამტკიცოს, მათ შორის სამართლებრივ დონეზე, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „ქართული ოცნების“ მიერ BBC-ის წინააღმდეგ საჩივარზე საუბრისას.

გორდულაძის თქმით, ხელისუფლება იტოვებს საშუალებას, სიმართლე სტრასბურგის სასამართლოში დაამტკიცოს. 

„როგორც ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ რუსეთს სამართლებრივად ოკუპანტი რქმეოდა, იქნებოდა ეს სტრასბურგის სასამართლო, თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულება, ზუსტად ანალოგიურად ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ საქართველოს სიმართლის ხმა ყველა დონეზე ისმოდეს. თუ საჭირო იქნება, BBC-ში განხილვის შემდეგ კომუნიკაციების კომისიაში გაგრძელდება აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა, შემდეგ სასამართლოში და რა თქმა უნდა, თუ ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდება, ჩვენ ვიტოვებთ საშუალებას, რომ წავიდეთ სტრასბურგის სასამართლოში და სიმართლე იქ ვამტკიცოთ“, - აღნიშნა გორდულაძემ.