Loading data...
გოგი ჩიქოვანი: ტყუილია, თითქოს მე და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელთა დიდმა ნაწილმა დავტოვეთ სამსახური

„არ დაიჯეროთ ჩემი სახელით გავრცელებული დეზინფორმაცია“, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი გოგი ჩიქოვანი მისი სახელით გავრცელებულ დეზინფორმაციას.

როგორც მან აღნიშნა, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ მან და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების დიდმა ნაწილმა სამსახური დატოვა.

„უამრავი ზარი შემომდის, მწერენ მეგობრები და თანამშრომლები. საქმე იმაშია, რომ ვრცელდება მორიგი დეზინფორმაცია, ვითომდა სოციალურ ქსელში ჩემ მიერ გამოქვეყნდა განცხადება, თითქოს მე და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელთა დიდმა ნაწილმა დავტოვეთ სამსახური. არ დაიჯეროთ, სრული ტყუილია, მეც და ჩემი სამსახურის ყველა თანამშრომელი ღირსეულად ვასრულებთ ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. მუნიციპალურ ინსპექციაში 237-ზე ბევრად მეტი ღირსეული და პატრიოტი თანამშრომელი ემსახურება ქალაქს და ქვეყნის საქმეს! როგორც მოქალაქეს, არასდროს დამიმალავს ჩემი პოზიცია და ახლაც შემიძლია გავიმეორო, რომ სრულიად ვემხრობი და ვუჭერ მხარს კანონს გამჭვირვალობის შესახებ“, - აღნიშნა გოგი ჩიქოვანმა.