გივი მიქანაძე: ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან - ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა
განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს.
მისი ინფორმაციით, ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის პირადი ძალისხმევის დამსახურებაა.
„ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც უახლესი კვლევის თანახმად ნომერ პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აზიაში, ხოლო მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს.
ეს არის უპრეცედენტო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი არჩევს საქართველოში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათ საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრების შანსს აძლევს.
ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა. მისი ინიციატივა და შუამდგომლობა გახდა საფუძველი იმისა, რომ ქართველ ახალგაზრდებს დღეს ეს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.
დაგეგმილია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმება. თუმცა, ორივე მხარის მაღალი ინტერესისა და თანამშრომლობის მზაობის გათვალისწინებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოდან წარდგენილი განაცხადები უნივერსიტეტმა განსხვავებულ ვადებში განიხილოს. შესაბამისად, მოსწავლეებისთვის იმოქმედებს გარკვეული შეღავათები და ისინი უნივერსიტეტში საკონკურსო განაცხადის წარდგენას, საგამონაკლისო წესით, წელსვე შეძლებენ“, - აღნიშნა მიქანაძემ.
მინისტრის განცხადებით, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ჩარიცხვა ნამდვილად არ არის მარტივი და კონკურსი საკმაოდ მაღალია, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ქართველი მოსწავლეები წარმატებით გადალახავენ დადგენილ კრიტერიუმებს და საერთაშორისო დონის განათლებას მსოფლიოში ცნობილ უნივერსიტეტში მიიღებენ.
„ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა მომავალში ნიჭიერ ახალგაზრდებს თვითრეალიზების კიდევ უფრო ფართო არეალი შევუქმნათ. გვჯერა, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიციაა და სწორედ განათლებული, წარმატებული ახალგაზრდები ქმნიან ჩვენი ქვეყნის განვითარების მყარ საფუძველს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.