გიორგი ზურაბაშვილი: ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ ქართველი დიპლომატების როლსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, დიპლომატიური კორპუსი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული ღირებულების მქონე რესურსია, რომლის ჩამოყალიბებასაც წლები და პროფესიული განვითარება სჭირდება.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი ინტერესია ევროკავშირთან დაახლოება და ღირებულებების გაზიარება.
„ნებისმიერ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული არის დიპლომატიური კორპუსი, საკუთარი დიპლომატიური კორპუსი, რადგან მას სჭირდება გაზრდა, სჭირდება აღზრდა, სჭირდება წლები, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საამაყო და საუკეთესო დიპლომატიური კორპუსი, რომელიც მუშაობს უცხოეთში. ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, რა თქმა უნდა, არის საქართველოს მთავრობის დამსახურება, ეს არის ის გონივრული კონცეფცია და მიდგომა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, მაგრამ ამის განმახორციელებელი არის ზუსტად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები, რომლებიც არიან ან საქართველოში, ან საზღვარგარეთ – ჩვენს საელჩოებში.
დღეს იცით, რომ ყველაფერი ძალიან ცვალებადია, საერთაშორისო დღის წესრიგი იცვლება, ემოციები და გრძნობები გადასულია უკანა პლანზე, ახლა მთავარია ქვეყნების ინტერესები, რომლებიც გააჩნიათ, და ამ თავიანთ ინტერესებზეა დამყარებული ის ურთიერთობები, რომლებიც მათ აქვთ სხვა ქვეყნებთან. ჩვენი ინტერესია, დავუახლოვდეთ ევროკავშირს. ჩვენთვის მთავარია, გავუზიაროთ ევროკავშირს ღირებულებები. ეს არის ყველაზე მთავარი, რაც გააჩნია ქართველ ერს, ეს არის ის ღირებულებები, რომლებსაც ჰქვია ევროპული ღირებულებები, რადგან საქართველო და ქართველები ნამდვილად ვართ იმ ევროპული ღირებულებების მატარებლები, რომლებსაც ჰქვია ევროპული ღირებულება“, – აცხადებს გიორგი ზურაბაშვილი.