Loading data...
გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელზე: რა სასამართლოც არ უნდა იყოს, ვერანაირი არგუმენტი ვერ უშველის იმ რეალობას, რაც ჩვენს თვალწინ ვითარდებოდა - რევოლუციები, სისხლის დაღვრის მცდელობა, ცეცხლწაკიდებული რუსთაველი, ამდენი დაშავებული როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს, ეს ხომ ორგანიზებული იყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ მედიასთან შეაფასა ოპოზიციის გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებში მონაწილეობის საკითხზე.

მისი თქმით, ვერაფერი შეცვლის იმ მოვლენებს, რომლებიც საზოგადოების თვალწინ ხდებოდა.

„რა სასამართლოც არ უნდა იყოს, ვერანაირი არგუმენტი ვერ უშველის იმ რეალობას, რაც ჩვენს თვალწინ ვითარდებოდა - რევოლუციები, სისხლის დაღვრის მცდელობა, ცეცხლწაკიდებული რუსთაველი, ცეცხლწაკიდებული ადამიანი, დასაზიანებლად სროლა, ამდენი დაშავებული როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. ეს ხომ ორგანიზებული იყო. ამაზე პასუხი როგორ უნდა გასცენ ნებისმიერ სასამართლოში, ნებისმიერი ქვეყნის რეალობა რომ ავიღოთ”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

როგორც ცნობილია, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მომდევნო კვირიდან დაიწყება. განხილვაში მონაწილეობას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“. გახარიას პარტიას კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. პროცესის შეჩერების მოთხოვნით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს „ლელო“.