Loading data...
გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი არაფრის დათმობას არ აპირებდა, ხალხის მობილიზებამ, სასულიერო და საერო ხალხის ვაჟკაცურმა დადგომამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ

„სააკაშვილი არაფრის დათმობას არ აპირებდა. ხალხის მობილიზებამ, სასულიერო და საერო ხალხის ვაჟკაცურმა დადგომამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ 2012 წლის არჩევნების პერიოდის გახსენებისას.

მისი თქმით, რომ არა ხალხის მობილიზება და იმ დროს ქვეყანაში არსებული რეალური სიტუაცია, არც სენატორების რჩევა გაჭრიდა და სააკაშვილი ხელისუფლებას არჩევნების გზით არ დათმობდა.

„ჯინ შაჰინი არ იყო ერთადერთი, იქ იყო სენატორთა ჯგუფი, რომლებმაც დაინახეს რეალობა, რა ხდებოდა საქართველოში და რომ უმრავლესობა ნამდვილად არ არის სააკაშვილის მხარეს. ისინი სააკაშვილს მოუწოდებდნენ, რომ არ წასულიყო იმ ნაბიჯებზე, რაც, მათი აზრით, შეიძლებოდა სააკაშვილს გადაედგა.

ამოხეთქა ამდენი ხნის დაგროვილმა უკმაყოფილებამ: უსამართლობა, წართმეული ქონება, ღირსებააყრილი პატიმრები, ნაწამები ხალხი, უამრავი პრობლემა, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს იმ მმართველობის დროს, როცა ტერიტორიების 20% ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა. ამ ყველაფერმა განაპირობა საქართველოს დიდი ნაწილის საკმაოდ აგრესიული განწყობა.

რა თქმა უნდა, სააკაშვილი არაფრის დათმობას არ აპირებდა და საკმაოდ მძლავრი პროცესები იყო. ქალაქების ჩამოთვლა შეგვიძლია, სადაც ყუთის გატაცების, იარაღით შევარდნის ფაქტებიც [იყო]. ხალხის მობილიზებამ, სასულიერო და საერო ხალხის ვაჟკაცურმა დადგომამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ. მეც მახსოვს არჩევნები, უბნები, რომლებზეც ხალხის მობილიზება იყო, წესიერად, კანონის ფარგლებში. რომ არა ეს რეალური სიტუაცია, არც სენატორების რჩევა გაჭრიდა“, - განაცხადა ვოლსკიმ.