Loading data...
გიორგი ვოლსკი მაია სანდუს განცხადებაზე: ადამიანისგან, რომელმაც მხარი დაუჭირა რევოლუციური პროცესის განვითარებას 4 ოქტომბერს, სხვა განცხადებას არც უნდა მოველოდეთ

„თავისი ქვეყანა გააუქმა, თქვა, რომ ეს ქვეყანა არ არსებობს და რუმინეთს უნდა შეუერთდეს. რა მოხდება, მნიშვნელობა არ აქვს. როცა საკუთარი ქვეყნის მიმართ მისი დამოკიდებულება ასეთია, რასაკვირველია, არ უნდა მოელოდე, რომ რაიმე პოზიტიურს იტყვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

ვოლსკი მოლდოვის პრეზიდენტის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ადამიანისგან, რომელმაც მხარი დაუჭირა რევოლუციური პროცესის განვითარებას 4 ოქტომბერს, სხვა განცხადებას არც უნდა მოველოდეთ.

მეორე საკითხია ის, რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა კანდიდატებს შორის. სიღატაკის დონე, რომელიც მოლდოვაში არსებობს, იმის შთაბეჭდილებასაც არ ტოვებს, რომ ოდესმე მისი პოზიცია ან რაიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა იქნება გამოსწორებული. და ასეთ უტიფარ განცხადებას აკეთებს ჩვენთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე ომის შიშის იარაღად გამოყენებით დააბრუნა.