გიორგი ვოლსკი: ხაბეიშვილის მთლიანი დახასიათება „ქურქუმალ ვაითია“ - გადაწყვიტა, რომ აგრესიული ადამიანის ნიშა, რომელიც სპორტდარბაზში ვარჯიშობს, კრივში ემზადება და კარატეს სხვადასხვა ილეთს გვიჩვენებს, უფრო მაგარია, ვიდრე აკრობატი ელისაშვილი

„ადამიანმა ვერ დაინახა თავისი თავი ვერსად რაღაც ინტელექტუალურ დონეზე, რომელიც თითქოსდა „ნაცმოძრაობას“ გააჩნია, არც ერთ ენაზე ლაპარაკი არ იცის და „ქურქუმალ ვაითია“ მისი მთლიანი დახასიათება“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, ლევან ხაბეიშვილის შესახებ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ხაბეიშვილმა გადაწყვიტა, რომ აგრესიული ადამიანის ნიშა, რომელიც კრივში და კარატეში ემზადება, უფრო მაგარია, ვიდრე აკრობატი ალეკო ელისაშვილი. მისივე განცხადებით, ხაბეიშვილსაც და ელისაშვილსაც, ისევე როგორც მათ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, აქვთ ერთი მიზანი, რომელიც გულისხმობს მათთვის დაწერილი სცენარის შესრულებას.
„[ხაბეიშვილმა] გადაწყვიტა, რომ აგრესიული ადამიანის ნიშა, რომელიც სპორტდარბაზში ვარჯიშობს, კრივში ემზადება და კარატეს სხვადასხვა ილეთს გვიჩვენებს, უფრო მაგარია, ვიდრე აკრობატი ალეკო ელისაშვილი, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში. ერთიც და მეორეც, თავისი ინტელექტუალური დონით და სხვებიც გარშემო, არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ერთი მიზანი - შეასრულონ ის სცენარი, რომელიც დაუწერეს და ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო უკეთესი მარიონეტია იმ კარნახის მიმართ, რაც ყოველდღიურად მოსდით. რასაკვირველია, დაფინანსების საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია, საკმაოდ ყუათიანად ფინანსდება ყველაფერი და ხაბეიშვილმა გადაწყვიტა, რომ ბრძოლის ველზე გაიჭრას ხმალამოღებული და სისხლი დაღვაროს, ამისკენ მოუწოდებს ახალგაზრდებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.