გიორგი ვოლსკი ბიძინა ივანიშვილზე: აცხადებდნენ, რომ ხალხი დაიღალა, არსებობს უკმაყოფილების ძალიან დიდი მუხტი და ეს მუხტი უნდა იყოს გამოყენებული ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, რათა ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს, კატეგორიული უარი განაცხადა ამაზე და თავისი ავტორიტეტით ის ხალხი, რომელიც გულწრფელად ედგა გარშემო, დაარწმუნა, რომ საქართველო არ იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას
„ფაქტია, რომ 2012 წელი მნიშვნელოვანწილად განაპირობა 2008 წელმა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“.
მისივე თქმით, ეს იყო ქვეყნის დამარცხებისა და მუხლებზე დაცემის წელი და უამრავი ახალგაზრდა შეეწირა დანაშაულებრივ გეგმას, რომელიც იმ პერიოდში სააკაშვილსა და მის გუნდს ჰქონდა.
ვოლსკის განცხადებით, რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს, რასაკვირველია, საგანგებოდ მნიშვნელოვანი იყო და ბიძინა ივანიშვილი თავის ქვეყანას გვერდით ედგა 90-იანი წლებიდან მოყოლებული. იგი მიიჩნევს, რომ სწორედაც ასეთი ლიდერი იყო საჭირო და მის გარშემო გაერთიანება.
პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ იმ პერიოდში იყვნენ გარკვეული პირები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ საჭირო იყო ქვეყანაში რევოლუციური პროცესის განვითარება, თუ საჭირო იქნებოდა, ცეცხლის გაჩენაც რუსთაველის გამზირზე.
„აცხადებდნენ, რომ ხალხი დაიღალა, არსებობს უკმაყოფილების ძალიან დიდი მუხტი და ეს მუხტი უნდა იყოს გამოყენებული ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, რათა ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს. კატეგორიული უარი განაცხადა ამაზე და თავისი ავტორიტეტით ის ხალხი, რომელიც გულწრფელად ედგა გარშემო, დაარწმუნა და ბევრს დარწმუნება არც სჭირდებოდა, რომ საქართველო არ იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას, რასაც მუშტი-კრივი და სისხლის ღვრა ჰქვია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ბირთვი, რომელიც დღეს არსებობს „ქართულ ოცნებაში“, განახლებული, ენერგიით აღსავსე, ამ ბირთვს არასდროს გადაუხვევია იმ პრინციპიდან, რასაც ერქვა დემოკრატიული არჩევნების შედეგების ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრება საქართველოში.