Loading data...
გიორგი ცინცაძე: დაგეგმილი გვაქვს არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, უახლოეს მომავალში დაიწყება პარკინგების მშენებლობა, უნდა ჩანაცვლდეს ძველი ავტობუსები ახლით, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ბათუმი მაქსიმალურად განვტვირთოთ

„დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებში 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი ცინცაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მან ისაუბრა სამოქმედო გეგმაზე, მათ შორის იმ პროექტებზე, რომელიც ბათუმში უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს.

„როგორც იცით, ბათუმი ტურისტულად ძალიან მიმზიდველი ქალაქია, აქ ძალიან ბევრი ვიზიტორი ჩამოდის, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი და განსაკუთრებით ზაფხულში ქალაქი საკმაოდ იტვირთება. აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილი გვაქვს არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი. მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია. პარალელურად დავიწყებთ ბათუმის შემოსასვლელი გზის გაფართოებას, რომლის დასრულების შემდეგაც გვექნება ოთხზოლიანი გზა. მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მოდერნიზაცია; უნდა გაჩნდეს ახალი მიმართულებები ქალაქში, ეტაპობრივად უნდა ჩანაცვლდეს მოძველებული ავტობუსები ახლით. ასევე მნიშვნელოვანია საპარკინგე სივრცეების შექმნა. ვეძებთ აქტიურად ადგილებს, რამდენიმე უკვე მოძიებული გვაქვს და უახლოეს მომავალში დაიწყება პარკინგების მშენებლობა. ეს ყველაფერი ერთად მოგვცემს საშუალებას, რომ მაქსიმალურად განვტვირთოთ ჩვენი ქალაქი.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ ნაგავსაყრელზე ვმუშაობთ, დაწყებულია ახალ ლოკაციაზე ქარხნის მშენებლობა და უახლოეს მომავალში ნაგავსაყრელი ბათუმიდან გადაინაცვლებს სხვა ლოკაციაზე. აქ გვექნება საშუალება, რომ შევქმნათ ახალი რეკრეაციული ზონები.

ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანი თემაა პროგრამა - „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ . ეს პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება და აქაც ვფიქრობთ, რომ შემოვიღოთ ახალი ინსტრუმენტები, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად დავაჩქაროთ“, - განაცხადა გიორგი ცინცაძემ.

ბათუმის მერობის კანდიდატმა ისაუბრა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებაც.

„საარჩევნო გარემო მშვიდი და საქმიანია. აქტიურად ჩავერთე წინასაარჩევნო პროცესებში, ყოველდღიურად ვხვდები ადგილობრივ მოსახლეობას, რაც ძალიან საინტერესოა, რადგან ამ შეხვედრებზე გვაქვს საშუალება, რომ ყოველდღიური და ყოფითი პრობლემების შესახებ მივიღოთ ინფორმაცია. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს შეხვედრები აუცილებლად გაგრძელდება არჩევნების შემდეგაც“, - აღნიშნა მან.

გიორგი ცინცაძემ „ქართული ოცნების“ მერობის ყველა კანდიდატს წარმატება უსურვა.