გიორგი სოსიაშვილი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით შექმნილ კომისიაზე: ხელისუფლების ეს ნაბიჯი, ვფიქრობ, რომ ძალიან დროულია, ეს ორიენტირებულია თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე - ამ შედეგებს ჩვენ ძალიან მალე ვიხილავთ
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი კომისია მუშაობას განაგრძობს. გუშინ საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები მწარმოებლებს შეხვდნენ. საპარლამენტო კომისიას მაღალი ფასნამატის პრობლემებზე ინფორმაცია ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების მწარმოებელმა კომპანიებმა მიაწოდეს.
გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა. მარკეტინგის და რეალიზაციის დიდი ხარჯები, არათანაბარი კონკურენცია და გაყიდული პროდუქციიდან ფულის დაგვიანებული გადახდა. განიხილეს ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესები. ასევე ცნობილია, რომ კომისია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს ინიციატივით, მოიწვიონ საერთაშორისო კომპანია, რომელიც პროცესში ჩაერთვება, გამოწვევებს შეისწავლის და რეკომენდაციებს გასცემს.
„ამ ჯგუფის მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ დაადგინოს ის ხელოვნური მექანიზმები, რომლებიც ფასებს აძვირებდა და ერთხელ და სამუდამოდ, მოსახლეობამ იცოდეს, რომ ეს ფასები ხელოვნურად მომატებული არ არის და სახელმწიფო მათზე ზრუნავს. ხელისუფლების ეს ნაბიჯი, ვფიქრობ, რომ ძალიან დროულია, ეს ორიენტირებულია თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე - ამ შედეგებს ჩვენ ძალიან მალე ვიხილავთ“, - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი.