Loading data...
გიორგი სოსიაშვილი: რადიკალ-ექსტრემისტთა მიერ მართული ახალგაზრდები ჩათრეული იყვნენ ქვეყნის დასამარების, სუვერენიტეტის ხელყოფის პროცესში

„ტერმინი „სინდისის პატიმრები“ სიყალბე მოიგონეს და შემოიტანესქვეყანაში, რათა სიბრალულის გრძნობა გაეღვივებინათ ხალხში ამ ექსტრემისტების მიმართ“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე საუბრისას „დღის ქრონიკაში“.

იგი ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე 8 ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებას და საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, საქართველო ყოველთვის ესწრაფოდა დამოუკიდებლობას.

„ჩვენ მარო მაყაშვილის სამშობლო ვართ, 9 აპრილს სისხლი დათხიეს ჩვენმა ახალგაზრდებმა რუსთაველზე და ასე მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა - უამრავი ადამიანის სისხლია დათხეული! დღეს რა ვიხილეთ? - რადიკალ-ექსტრემისტთა მიერ მართული ახალგაზრდები ჩათრეული იყვნენ ამ პროცესში - ქვეყნის დასამარების, სუვერენიტეტის ხელყოფის პროცესში! რა მოლოდინი უნდა გვქონდეს გერმანიის ელჩისგან - კაცი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობს, რათა წააქეზოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელისუფლების დამხობის მთავარი მოსურნეა. ან ევროკავშირის ელჩი, რომელიც გამოირჩეოდა ყოველთვის ასეთი აგრესიული განცხადებებით და პირდაპირ მოუწოდებდა ხელისუფლების წინააღმდეგ რადიკალ-ექსტრემისტებს - მათი მხრიდან რას უნდა მოველოდოთ, რომ გამოვლენ და ბოდიშებს მოიხდიან, იტყვიან, რომ მცდარი განცხადებები გააკეთეს?! მე მათგან ამის იმედი არ მაქვს, რადგან ისინი რეალობას აცდენილები არიან“, - განაცხადა სოსიაშვილმა.

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმისთვის ბრალდებულთა ნაწილი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს. „ქრონიკამ“ 8 დაკავებულის მიმართვა მოიპოვა.