Loading data...
გიორგი სოსიაშვილი: 4 ოქტომბერს იყო სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა, მათი მთავარი მიზანი იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ახლა კეთილ ინებონ და აგონ თავიანთ ქმედებებზე პასუხი

„4 ოქტომბერს იყო სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა. მათი მთავარი მიზანი იყო სახელმწიფოებრიობის მოშლა, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ახლა კეთილ ინებონ და აგონ თავიანთ ქმედებებზე პასუხი“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა.

მისი თქმით, ყველას ვინც რევოლუციის მომზადებაში იყო ჩართული, კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება.

„თავის მართლება, სხვადასხვა მანიპულაციები, თავის გამოძრომის მცდელობა, მე ვფიქრობ უშედეგო იქნება, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს ჩამოყალიბებული, განვითარებული, სუვერენული სახელმწიფო, მაშინ ჩვენ უნდა ვცეთ პატივი საკუთარ სახელმწიფოებრიობას, საკუთარ ინსტიტუტებს და ბუნებრივია, რომ ყველა მათგანი, ვინც ამ რევოლუციის სამზადისში და მის განხორციელებაში იყო ჩართული და მხილებული, მართლმსაჯულების წინაშე წარდგება და პასუხს აგებს“, - აცხადებს სოსიაშვილი.

ცნობისთვის, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე 13 ბრალდებულის პროცესი გაიმართა.