გიორგი კალანდარიშვილი: ვალდებული ვართ, ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივად ობიექტური და სწორი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით

ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივად ობიექტური და სწორი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საინფორმაციო სივრცის კვლევის ანგარიშზე საუბრისას.
მისი თქმით, ამას ხელს ვერ შეუშლის ვერცერთი პოლიტიკურად მოტივირებული, თუ სხვადასხვა დაინტერესებული პირების მიერ პოლიტიკური დღის წესრიგი.
„დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ვფიქრობ, ეს არის დროული, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ მეტი განმარტება და მეტი ინფორმაცია იმ სხვადასხვა აქტივობასთან მიმართებით, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს. ამ შემთხვევაში ჩვენი ანგარიში, რომელიც უკავშირდება იმ გამოკვეთილ და გამოვლენილ დეზინფორმაციებს, რომლის მთავარი მიზანიც, ალბათ, ზოგადად, ნდობის შერყევაა და არასწორი აღქმების ფორმირება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ ერთ-ერთ ინსტრუმენტად ინსტიტუცია უკვე რამდენიმე წელია, იყენებს ინფორმაციის დაცულობის ცენტრს, რომლის მიზანიც გახლავთ, რომ ოპერატიულად გამოავლინოს საჯარო სივრცეებში გავრცელებულ ინფორმაციასთან მიმართებით, რომელიც ძირითადად უკავშირდება ცრუ ნარატივებს, დეზინფორმაციას, სიძულვილის ენას, დისკრედიტაციას, დისკრიმინაციას და ა.შ. და მივაწოდოთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე საზოგადოებას სიმართლე.
ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივად ობიექტური და სწორი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით და ამას ხელს ვერ შეუშლის ვერცერთი პოლიტიკურად მოტივირებული, თუ სხვადასხვა დაინტერესებული პირების მიერ პოლიტიკური დღის წესრიგი“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.