გიორგი კახიანი: ვიზიტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიმყოფებით დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში, ქვეყნის შიგნით დიდი ძალისხმევაც არ გვჭირდება, რომ ამას გავუმკლავდეთ იმიტომ, რომ საზოგადოება კარგად ერკვევა ამ პროცესებში მაგრამ ფაქტია, რომ ამან ქვეყნის გარეთ შეგვიქმნა პრობლემები, შეხვედრებზეც კი ითქვა, რომ ბევრი რამე მათ არ იცოდნენ, სხვადასხვა საკითხებზე მათ განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდათ და ნახეს, რომ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად არის
„ჩვენ გარკვეულწილად მოლოდინიც გვაქვს იმის, რომ ამ შეხვედრების მონაწილეები, იქნებიან ეს ბელგიის თუ ლუქსემბურგის წარმომადგენლები ჩვენს პოზიციებს, რაც დიალოგის ფარგლებში გაჟღერდა მათ შორის გააცნობენ მათაც ევროკავშირში ვისაც განსხვავებული წარმოდგენა აქვთ ბევრ რამეზე“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა, შალვა პაპუაშვილის ბრიუსელსა და ლუქსემბურგში ვიზიტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ასეთი შეხვედრები იძლევა საშუალებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი სიმართლე დაუპირისპიროს დეზინფორმაციულ კამპანიას.
„ვიზიტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავარი გამოწვევა რა არის?! - ეს არის ის, რომ ჩვენ ვიმყოფებით დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში. ქვეყნის შიგნით დიდი ძალისხმევაც არ გვჭირდება, რომ ამას გავუმკლავდეთ იმიტომ, რომ საზოგადოება კარგად ერკვევა ამ პროცესებში და ძალიან კარგად ესმის ყველაფერი. მაგრამ ფაქტია, რომ ამან ქვეყნის გარეთ შეგვიქმნა გამოწვევები და ქვეყნის გარეთ შეგვიქმნა პრობლემები. ასეთი ვიზიტები ამასაც ემსახურება. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა შეხვედრები ბელგიის პარლამენტის პალატების თავმჯდომარეებთან, ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იმ შეხვედრებზეც კი ითქვა, რომ ბევრი რამე მათ არ იცოდნენ. სხვადასხვა საკითხებზე მათ განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდათ და ნახეს, რომ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად არის“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
მისი თქმით, ფაქტია, რომ ევრობიუროკრატიის დიდი ნაწილი ხვდება, რომ გაბუტვის პოლიტიკამ თავისი თავი ამოწურა.
„შესაძლოა ბევრისთვის თავიდანვე იყო ცნობილი, რომ არასწორ და უსამართლო პოლიტიკას ატარებდნენ საქართველოსთან მიმართებით მაგრამ დრომ ეს ყველაფერი განსაკუთრებით აჩვენა, რომ ეს არის არასწორი პოლიტიკა, მათთვის არანაირი შედეგის მომცემი, დამაზიანებელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისთვის და არის საუბარი იმაზე, რომ ეს უნდა შეიცვალოს, ასეთი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.