Loading data...
გიორგი კახიანი: საქართველოს მთავრობამ მემკვიდრეობით მიიღო არაერთი სერიოზული გამოწვევა, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ვაკუუმი, მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენ მოვიპოვეთ ისტორიული გამარჯვებები როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ისე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში

ჩემთვის დიდი პატივია სიტყვით გამოსვლა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 51-ე სესიაზე, რომელიც კამერუნის რესპუბლიკის დედაქალაქ იაუნდეში იმართება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სახელით, მსურს მადლიერება გამოვხატო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეისა და კამერუნის რესპუბლიკის პარლამენტის მიმართ ამ მნიშვნელოვანი ფორუმის მასპინძლობისა და განსაკუთრებულად თბილი მიღებისთვის, - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა სიტყვით გამოსვლისას.

როგორც კახიანმა აღნიშნა, საქართველო მტკიცედ არის ერთგული მულტილატერალიზმის და სახელმწიფოთა სუვერენიტეტის პატივისცემის მიმართ - ეს ორი განუყოფელი საყრდენია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა.

მისივე თქმით, „ჩვენი ქვეყნისთვის ეს პრინციპები მხოლოდ თეორიული ცნებები არ არის; ისინი ყოველდღიური რეალობაა იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა კვლავაც ირღვევა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე უცხო ქვეყნის სამხედრო ძალები არიან განთავსებული“.

„ძვირფასო კოლეგებო, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები კვლავაც რუსეთის ფედერაციის უკანონო ოკუპაციის ქვეშ რჩება, რაც ხასიათდება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებითა და საერთაშორისო სამართლის არაერთი უხეში დარღვევით. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეჟიმები ქართველ ბავშვებს ართმევენ უფლებას, განათლება მიიღონ მშობლიურ ენაზე, ამახინჯებენ ქართულ რელიგიურ და კულტურულ მემკვიდრეობას და სისტემატურად მიმართავენ გატაცებებს, თვითნებურ დაკავებებს, წამების აქტებს და, რიგ შემთხვევებში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას საოკუპაციო ხაზების სიახლოვეს მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.

დღეისათვის, საქართველოში დაახლოებით 300 000 ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირია, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთ კანონიერ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებას, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 7,5%-ს შეადგენს.

ამჟამად საქართველოს ხელისუფლებაში მყოფმა მთავრობამ მემკვიდრეობით მიიღო არაერთი სერიოზული გამოწვევა, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ვაკუუმი. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენ მოვიპოვეთ ისტორიული გამარჯვებები როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ისე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში“, - აღნიშნა კახიანმა.