Loading data...
გიორგი კახიანი: როდესაც მოუწესრიგებელი სატრანსპორტო საშუალებებით ქალაქის დაბინძურება ხდება, ჯარიმები იზრდება და ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად პრევენციის კიდევ ერთი მექანიზმი იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი აფასებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებას, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის გადაზიდვის, ასევე, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის საკითხებს ეხება.

კახიანის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებებით ჯარიმების გაზრდა პრევენციის მექანიზმი იქნება.

„ქალაქში მოძრაობს ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გადააქვს სამშენებლო ნარჩენი თუ სამშენებლო მასალა და ეს ყველაფერი იმდენად მოუწესრიგებლად ხდება, რომ ქუჩების და ზოგადად ქალაქის დანაგვიანებას იწვევს. ეს სურათი თითოეულ ჩვენგანს ქალაქში არც თუ ისე იშვიათად გვინახავს.

ამიტომ ბუნებრივია, ამაზე გარკვეული რეაგირება საჭიროა იმისათვის, რომ ამ თვალსაზრისით მდგომარეობა გამოსწორდეს. ამ ინიციატივის მიხედვით, ასეთ შემთხვევებზე, როდესაც მოუწესრიგებელი სატრანსპორტო საშუალებებით ქალაქის დაბინძურება ხდება, ჯარიმები იზრდება და ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად პრევენციის კიდევ ერთი მექანიზმი იქნება, რათა ჩვენი ქალაქი არ დაბინძურდეს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.