გიორგი კახიანი: ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია სწორედ ის, რომ ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს მშვიდობა
„ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების ფონზე, ვხედავთ, რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ნათლად უნდა დავინახოთ იმ პოლიტიკის სისწორე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთი დღეს მსოფლიოში ყველაზე რთული რეგიონია და კონფლიქტი, რომელიც იქ არსებობს სხვადასხვა ფორმით, ფაქტობრივად ყველა ქვეყანას შეეხო. შესაბამისად, რთულად პროგნოზირებადია, თუ როგორ განვითარდება ახლო აღმოსავლეთში მოვლენები.
„ჩვენ ვინარჩუნებთ სტაბილურობას, ჩვენ ვახერხებთ, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა და ასე შემდეგ. მერწმუნეთ, ეს შემთხვევით არ ხდება. ეს ყველაფერი არის იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს და მიუხედავად ძალიან დიდი ზეწოლისა, ქვეყნის გარედან იქნება, თუ შიგნით მართული ძალებისგან, ჩვენ ამ პოლიტიკას ვაწარმოებთ და ამ პოლიტიკის შედეგია სწორედ ის, რომ ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს მშვიდობა.
ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ ის პოლიტიკა, რომელიც არის დაბალანსებული ყველა თვალსაზრისით და ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, პოლიტიკა, რომელმაც ქვეყანაში მოგვიტანა მშვიდობა და განვითარება“, - აღნიშნა კახიანმა.