გიორგი კახიანი Euronews-ის მოდერატორთან პრემიერის ინტერვიუზე: მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ჩამოაყალიბა პოზიციები, აშკარა იყო მოდერატორის მხრიდან, რომ მას არ უნდოდა ამის მოსმენა, თითქოს, მას თავისი პოლიტიკური ამოცანა ჰქონდა და იმ ამოცანას ასრულებდა
„გუშინდელი ინტერვიუ ბევრ რამეზე მეტყველებს, ერთი მხრივ, ინფორმაციის ნაკლებობა და არასწორი ინფორმაციები, რაც „გამჭვირვალობის კანონთან“ მიმართებით გამოჩნდა. მეორე მხრივ, მოდერატორს არც ჰქონდა იმის სურვილი, რომ პრემიერის მოსაზრებები მოესმინა სხვადასხვა საკითხზე“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ტელეკომპანია Euronews-ის მოდერატორთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუზე საუბრისას.
გიორგი კახიანის თქმით, მოდერატორის დამოკიდებულებამ კარგად აჩვენა, რომ ბრიუსელი კვლავ გაბუტვის პოლიტიკის რეჟიმში რჩება.
„მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ჩამოაყალიბა პოზიციები, აშკარა იყო მოდერატორის მხრიდან, რომ მას არ უნდოდა ამის მოსმენა. თითქოს მას თავისი პოლიტიკური ამოცანა ჰქონდა და იმ ამოცანას ასრულებდა. პარალელი, რომ გავავლოთ დაახლოებით ეგეთი მდგომარეობა არის საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში. ჩვენ ვითხოვთ, რომ აღდგეს დიალოგი, რომელიც თავად გაწყვიტეს ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში.
არაერთხელ განვაცხადეთ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წუთს ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დიალოგი განვაახლოთ. ცალსახაა ვისი მხრიდან არის მონდომება, რომ ეს დიალოგი არსებობდეს და ვისი მხრიდან არის მონდომება იმისა, რომ ეს დიალოგი არ არსებობდეს. თუნდაც ამ დიალოგის არარსებობის პირობებში, რანაირად შეიძლება დიალოგის არარსებობის პირობებში ევროკომისიის გაფართოების ანგარიში იყოს ობიექტური და სამართლიანი?! გუშინაც ზუსტად ეს გამოჩნდა, მოდერატორის მხრიდან თითქოს არ მოსმენის სურვილი არსებობდა. ამიტომ ვიდრე ასეთი დამოკიდებულება იქნება ამ ურთიერთობებში წინსვლა არ იქნება. წინსვლა არ იქნება ისევ და ისევ გაბუტვის პოლიტიკის გამო, რომელსაც ჩვენ აქამდე ევროკავშირის მხრიდან ვხედავთ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.