გიორგი კახიანი აფხაზეთთან დაკავშირებით რადიკალების განცხადებებზე: მათ წარმოუდგენიათ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს დღეს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, ანუ ფაქტობრივად ეს ნიშნავს ხელის ჩაქნევას მათი მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამას ჩვენი ხელისუფლება არასდროს დაუშვებს, პირიქით, მთავარი გამოწვევა და მიზანი არის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
„მათ წარმოუდგენიათ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს დღეს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. ანუ ფაქტობრივად ეს ნიშნავს ხელის ჩაქნევას მათი მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამას ჩვენი ხელისუფლება არასდროს არ დაუშვებს. პირიქით, მთავარი გამოწვევა და მიზანი არის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა რადიკალების მხრიდან აფხაზეთის საკითხზე დაწყებული კამპანიის შეფასებისას.
მისი თქმით, ფაქტია, რომ დეოკუპაციის პროცესს რადიკალები ღიად ებრძვიან.
„მიზანმიმართულად ებრძვიან იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენ გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ანუ ეს არის დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით. სააკაშვილმა, ბარამიძემ, გვარამიამ არა ერთხელ გააკეთეს განცხადებები. ერთი განცხადება, რომ კეთდება ასეთი შეიძლება იფიქრო, რომ უპასუხისმგებლო და უგუნური განცხადება გაკეთდა მაგრამ მთელი რიგი იყო განცხადებების ხომ?! - ეს უკვე ცალსახად მიზანმიმართულ პოლიტიკაზე მიუთითებს.
შედეგი არის ის, რომ ასეთი განცხადებები არის დამაზიანებელი იმ პროცესისთვის, რაც ჩვენ გვინდა, რომ ვაწარმოოთ. ანუ დეოკუპაცია მშვიდობიანი მეთოდებით.
საქართველოში, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე არიან რადიკალი ძალები, რომლებიც ამ პროცესს უშლიან ხელს. მათ შორის ქვეყნის გარეთაც არიან ძალები, რომლებსაც არ უნდათ, რომ ეს პროცესი შედგეს. ბუნებრივია, მათთვის ეს ძალიან მოგებიანი განცხადებებია. ამას, როგორ გამოიყენებენ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ან თუნდაც ჩვენ აფხაზ ძმებზე და დებზე ზეგავლენის მოსახდენად, მათ დამოკიდებულებაზე ამ პროცესის მიმართ, ვერანაირად შეიძლება ამის გამოყენება. ეს არის თითქოს შენს მტრებს და შენს მოწინააღმდეგეებს ხელში აძლევ შეგნებულად იარაღს, შესაძლებლობას, რომ შენ გებრძოლოს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.