გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი გაბუნიას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საფრთხეში მყოფი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით შესაძლებლობის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე, საუბარი შეეხო აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების მხარდაჭერას, რომლებიც ქართულ-აფხაზური ტრადიციების დაცვას და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურებიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მხარეები სამომავლო ერთობლივი და კოორდინირებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც კულტურული მიმართულებით მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობების გაგრძელებას ითვალისწინებს.