გიორგი გაბუნია: წლების განმავლობაში ევროკავშირის მმართველი ელიტის მიერ წარმოებული აბსოლუტურად გაუაზრებელი და უსუსური პოლიტიკა არის გამომწვევი იმ უკმაყოფილებისა, რომელიც დღეს ევროკავშირის მოსახლეობაში არსებობს
„წლების განმავლობაში ევროკავშირის მმართველი ელიტის მიერ წარმოებული აბსოლუტურად გაუაზრებელი და უსუსური პოლიტიკა არის გამომწვევი იმ უკმაყოფილებისა, რომელიც დღეს ევროკავშირის მოსახლეობაში არსებობს“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ.
მისივე თქმით, ევროპელი მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი არის ცხოვრების დონის გაუარესება, ეკონომიკური ფაქტორები და ხელისუფლებების მხრიდან მოსახლეობისადმი ანგარიშვალდებულების ნაკლებობა.
„ყველაზე მთავარი პრობლემა არის იდეოლოგიური პრობლემა ევროკავშირში, რომელიც არსებობს, განსაკუთრებით ნეოლიბერალური პოლიტიკა, რომელმაც ევროკავშირი მიიყვანა ფაქტობრივად დაღუპვამდე, ვინაიდან ცენტრალიზებულად ფინანსდება, ამ იდეოლოგიის მხარდაჭერა არის ძალიან სერიოზული გამოწვევების წარმომქმნელი ევროკავშირში. ამას ემატება უკონტროლო იმიგრაცია, რომელიც დამატებით გამოწვევებს აჩენს.
ჩვენ ვიცით, რომ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ევროკავშირმა რამდენიმე კრიზისი გადაიტანა და ამ გამოწვევებმა ცხადყო, რომ ევროკავშირი არ არის მზად, სათანადოდ გასცეს პასუხი იმ გამოწვევებს, მოთხოვნებს მოსახლეობის მხრიდან, რომელიც არსებობს. ეს არის მიზეზი, რის გამოც დღეს ევროკავშირი არის პოლიტიკურ ჩიხსა და უმძიმეს მდგომარეობაში და მოსახლეობაში განცდა იმისა, რომ ეს საკითხები მოგვარდება ახლო ვადიან პერსპექტივაში, არ არსებობს“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.