გიორგი გაბუნია: როდესაც ევროკავშირის მოსახლეობა ხედავს, რომ უზარმაზარი მოუქნელი ბიუროკრატია ვერ ახერხებს საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრას, ბუნებრივია, დღის წესრიგში დგას აქცენტის გაკეთება სუვერენულ პოლიტიკაზე
„ევროკავშირმა აჩვენა მოუქნელობა და უსუსურობა იმ არსებულ პრობლემებთან მიმართებით, რა პრობლემებიც დღეს ევროკავშირის წინაშე არსებობს“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.
კითხვაზე, უკრაინაში მიმდინარე ომს რა როლი აქვს იმაში, რომ ევროკავშირი არის პოლიტიკურ ჩიხში, გაბუნიამ განაცხადა, რომ ეს ფაქტი ერთ-ერთი საკვანძო მომენტია.
„იცით, რომ ევროკავშირი უკრაინის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მხარდამჭერი გახლდათ. საუბარია, ასობით მილიარდიან დახმარებაზე. ევროკავშირი გახდა მხარე ამ სამხედრო კონფლიქტში და მან ვერ შეასრულა მედიაციის როლი, ვერ შეასრულა მშვიდობის აქტორის როლი ამ კონფლიქტში, განსხვავებით აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან“, - განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, როდესაც ევროკავშირის მოსახლეობა ხედავს, რომ უზარმაზარი მოუქნელი ბიუროკრატია ვერ ახერხებს საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრას, პრობლემების მოგვარებას, ბუნებრივია, დღის წესრიგში დგას აქცენტის გაკეთება სუვერენულ პოლიტიკაზე.
„კვლევები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ აქტუალური გახდა ქვეყნებში სუვერენული პოლიტიკის წარმოება. ამ მიმართულებით განსაკუთრებით გამოირჩევა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობა. თუნდაც, მაგალითად, უნგრეთი, სლოვაკეთი. ასევე მზარდი ტენდენციაა ამ მიმართულებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და ეს საკითხი უფრო აქტუალური ხდება, რაც დრო გადის, ვინაიდან ევროკავშირმა აჩვენა მოუქნელობა და უსუსურობა იმ არსებულ პრობლემებთან მიმართებით, რა პრობლემებიც დღეს ევროკავშირის წინაშე არსებობს“, - აღნიშნა გაბუნიამ.
ცნობისთვის, Euronews-მა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ორგანიზაციის ინსტიტუტებისადმი და ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლებებისადმი ნდობის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. ევროკავშირის სააგენტოს Eurofound-ის ექსპერტებმა 27 ათასი ადამიანი გამოჰკითხეს და დაადგინეს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებს ყველაზე ძლიერად მალტაში, უნგრეთსა და დანიაში ენდობიან (5.9 ქულა 10-დან), ყველაზე ნაკლებად კი - საბერძნეთსა და საფრანგეთში (3.7).