Loading data...
გიორგი გაბუნია: მთავარი პრობლემა არის ევროპული ბიუროკრატია, რომელიც ორიენტირებულია არა მოსახლეობის პრობლემების გადაჭრაზე, არამედ საკუთარ კეთილდღეობაზე

„მთავარი პრობლემა არის ევროპული ბიუროკრატია, რომელიც ორიენტირებულია არა მოსახლეობის პრობლემების გადაჭრაზე, არამედ საკუთარ კეთილდღეობაზე. ჩვენ ვნახეთ არაერთი კორუფციული სკანდალი ევროკავშირში, ჯერ კიდევ 2022-2023 წლებში არაერთ ევროპარლამენტარს დაეკისრა პასუხისმგებლობა კორუფციის გამო, ვნახეთ ასევე ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის დაკავებაც და ამ მიმართულებით პრობლემები მზარდია ევრო ბიუროკრატიაში“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ.

მისივე თქმით, არსებობს უზარმაზარი ფინანსური რესურსები, ხოლო ამ ფინანსური რესურსების რაციონალური მოხმარება მოსახლეობის საკეთილდღეოდ არ ხდება.

გაბუნიამ, ასევე, ისაუბრა ევროკავშირის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც.

„ევროკავშირში არსებული ეკონომიკური სტაგნაცია განაპირობა იმ არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელიც ახლო წარსულში არ დაწყებულა. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების შედეგი, მაგალითად გერმანია ბოლო სამი წლის განმავლობაში სრულს სტაგნაციაშია, ასევე საფრანგეთი, იტალია და სხვა დიდი სახელმწიფოები. ეს არის გამოწვეული იმ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელიც ევროკავშირმა წლების განმავლობაში განახორციელა.

ამ მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის რუსეთის შეჭრა უკრაინაში, რომელიც გამწვავების მთავარი საფუძველია ეკონომიკური თვალსაზრისით. უკრაინაში ომის დასრულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვინაიდან ეს უზარმაზარი გეოპოლიტიკური სივრცე ჩაკეტილია ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ირანი ჩაკეტილია ფინანსური სანქციებით, ერთადერთი სახმელეთო დერეფანი არის სამხრეთ კავკასია ევროპისთვის და ვფიქრობ, რომ თუ ევროკავშირში გაიმარჯვებს პრაგმატული და გონიერი პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან და პირველ რიგში საქართველოსთან, მნიშვნელოვანია გონივრული და პრაგმატული პოლიტიკის წარმოება“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.