Loading data...
გიორგი გაბუნია კოსის განცხადებაზე: დაველოდებით იმ დროს, როდესაც ევროკავშირში გონიერება გაიღვიძებს და რაციონალური პოლიტიკა გაიმარჯვებს

ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულების მორიგი გამოვლინება საქართველოს მიმართ, - ასე აფასებენ თბილისში მარტა კოსის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპებით მიიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

განცხადება ევროკომისარმა ბრიუსელში, მოლდოვის ასოცირების საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.

თბილისში ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს იხსენებენ და კოსს ახსენებენ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, ინდექსებსა და სტატისტიკას, სადაც საქართველო მოლდოვას ყველა პარამეტრით უსწრებს.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია მიიჩნევს, რომ ეს მდგომარეობა დროებითია და იმედოვნებს, რომ ევროპაში მალე რაციონალური მიდგომები და პრაგმატული პოლიტიკა გაიმარჯვებს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყველა კრიტერიუმით იმსახურებდა კანდიდატ სტატუსს, ეს სტატუსი არ მოგვცეს და, სანაცვლოდ, მისცეს უკრაინასა და მოლდოვას.

ჩვენ მიმართ არსებობდა კონკრეტული მოთხოვნები, რომ საქართველო უნდა შეერთებოდა იმ ძალიან საშიშ პროვოკაციულ გზას, რომლის დაძალებაც, მათ შორის, შიდა აგენტურის მეშვეობით ხდებოდა. მიუხედავად ამისა, თვალი ვერ დახუჭეს - გაიაზრეს, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატ სტატუსს და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ.

დღეს კი ვხედავთ, რომ საქართველო, აბსოლუტურად ყველა პარამეტრით, როგორც ეკონომიკური პარამეტრით, ასევე გამჭვირვალობის კუთხით და ყველა სხვა იმ კრიტერიუმის კუთხით, რომელიც აუცილებელია კანდიდატი ქვეყნისთვის, ჩვენ ყველა ქვეყანას, ყველა კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის უკრაინისასა და მოლდოვას ვუსწრებთ და საქართველო, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იმსახურებს დაფასებას იმ წარმატებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს, ხდება აბსოლუტურად ღიად უგულებელყოფა ამ წარმატებისა და ვხედავთ სრულიად არაობიექტურ დამოკიდებულებას ქართული სახელმწიფოს მიმართ.

ჩვენ დაველოდებით იმ დროს, როდესაც ევროკავშირში გაიღვიძებს გონიერება, გაიღვიძებს პრაგმატული პოლიტიკა და გაიმარჯვებს რაციონალური პოლიტიკა“, - აცხადებს გიორგი გაბუნია.