გიორგი გაბუნია: ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა ზომას, რათა BBC-მ მოიხადოს ბოდიში არამარტო ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხისა და საქართველოს წინაშე
„ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, პირველ რიგში არც BBC-ს და არც მის უფროსებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს აბსოლუტურად ყველა სამართლებრივ ბერკეტს და მიიღებს ყველა ზომას იმისთვის, რომ ამ სიბინძურეს პასუხი გაეცეს და BBC-მ მოიხადოს ბოდიში არამარტო ხელისუფლების წინაშე, არამედ ქართველი ხალხისა და საქართველოს წინაშე“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.
დეპუტატის თქმით, ქართული მხარე ამისთვის აბსოლუტურად ყველა ზომას მიიღებს.
„BBC-ს დაფინანსებისა და მართვის მოდელი ერთი შეხედვით თითქოს დამოუკიდებელი მედიის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს კარგად გამოჩნდა არა მარტო საქართველოსთან მიმართებით, არამედ გვახსოვს გაბრაზებული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც ასევე აქვს სამართლებრივი დავა დაწყებული BBC-ს წინააღმდეგ. ასევე, მოვისმინეთ ძალიან მძიმე ბრალდებები BBC-ს წინააღმდეგ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის მხრიდან. შესაბამისად, საზოგადოება დარწმუნდა, რომ ეს იყო პროვოკაცია, საინფორმაციო დივერსია იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფო დაზიანებულიყო“, - განაცხადა გაბუნიამ.