გიორგი გაბუნია ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებზე: ეს ადამიანები იყვნენ მსხვერპლი იმ უფროსების მხრიდან, რომლებიც პროცესს მართავდნენ
„ადამიანი, რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და შემდეგ მიმართავს პრეზიდენტს შეწყალებაზე, აქ ყველაფერი გასაგებია. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორად შეაფასოს ეს პროცესი“, - განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, „საზოგადოება ქართულის“ ხელმძღვანელმა გიორგი გაბუნიამ, „დღის ქრონიკაში“ ძალადობრივ აქციებზე დაკავებულთა შესახებ საუბრისას.
„ეს ადამიანები იყვნენ მსხვერპლი, იმ უფროსების მხრიდან, რომლებიც პროცესს მართავდნენ. როგორც კი სამართალდამცველებთან შეტაკება მოხდებოდა, უფროსები იმალებოდნენ და ამ ადამიანებს ტოვებდნენ დაპირისპირების პროცესში. შემდეგ, მათ გაიაზრეს საკუთარი დანაშაული, მოინანიეს და შეწყალებაზე პრეზიდენტს მიმართეს.
სცენარი იყო ასეთი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ძალადობრივ აქციებში მონაწილეობდნენ და სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევდნენ, ციხეში იყვნენ იმისთვის, რომ შემდგომში მათ პატრონებს ერბინათ ევროპაში, კაბინეტებში რათა ეთქვათ, რომ ეს ადამიანები არიან გმირები, პოლიტპატიმრები, შემდეგ ამასთან დაკავშირებით, ყოფილიყო პოლიტიკური განცხადებები და ეს საკითხები სხვადასხვა რეზოლუციებში შეეტანათ.
ჩვენ ვთქვით, რომ თუ დამნაშავე მოინანიებდა და აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, აანაზღაურებდა მიყენებულ ზიანს, მასთან გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება ბრალს და სასჯელზე და ამ ადამიანების მიმართ იქნებოდა გამოყენებული კანონით გათვალისწინებული შეღავათები - ასეც მოხდა.
როდესაც ამ ადამიანებმა საპატიმრო დატოვეს, მათი სცენარი დაინგრა - გეგმა, რაც ჰქონდათ, რომ საქართველო გაეშავებინათ, აღარ მუშაობს“, - აღნიშნა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არიან 2024 წლის აქციაზე დაკავებულებიც. მათ დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.