გიორგი გაბუნია: დაუშვებელია ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკური შანტაჟის იარაღად ქცევა

„დაუშვებელია ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკური შანტაჟის იარაღად ქცევა, ვინაიდან პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველო აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს“, - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველო არის წარმატებული ქვეყანა, რომელმაც შეინარჩუნა მშვიდობა, განვითარება და არის ძალიან საინტერესო ევროკავშირისთვის.
„რადიკალური ძალა, რომელიც დღეს საქართველოში გარე დაფინანსებითა და საგარეო მხარდაჭერით მოქმედებს აბსოლუტურად უუნარო და უშანსოა. მათ არანაირი შანსი არ აქვთ იმის, რომ საქართველოში, შიდა პოლიტიკურ პროცესში დესტრუქცია შეიტანონ. ნებისმიერი ქმედება მათი მხრიდან, რომელიც სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ იქნება მიმართული პასუხგაცემული იქნება.
ერთადერთი შანსი, რაც მათ პოლიტიკურ იარაღად აქციეს, არის ვიზალიბერალიზაციის საკითხი, მაგრამ აქაც ერთი რამ უნდა ითქვას, რომ დაუშვებელია ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკური შანტაჟის იარაღად ქცევა, ვინაიდან პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველო აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. მაგრამ მათი გათვლა შესაძლოა ემყარებოდეს იმას, რომ თუ საქართველოში რადიკალები მოახერხებენ გარკვეული პოლიტიკური მუხტის აწევას, შეიძლება ამით დაეხმარონ.
პირადად გამოვრიცხავ ამას, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, იქიდან გამომდინარე, რომ თუ არსებობს ელემენტარული პრაგმატული და გონიერი პოლიტიკის რესურსი ევრობიუროკრატებში, დღეს საქართველო არის წარმატებული ქვეყანა, რომელმაც შეინარჩუნა მშვიდობა, განვითარება. საქართველო არის ძალიან საინტერესო ქვეყანა ევროკავშირისთვის“,- აღნიშნა გაბუნიამ.
მისივე განცხადებით, პოლიტიკური საუბრის და განცხადებების დონეზე ევრობიუროკრატები ყველანაირად ეცდებიან საზოგადოებაში შეიტანონ შფოთი და ვიზალიბერალიზაციის საკითხის საჯილდაო ქვად ქცევის ფონით, მიეხმარონ საქართველოში არსებულ გაკოტრებულ ოპოზიციას საპროტესტო მუხტის გაძლიერებაში.