Loading data...
გიორგი გაბუნია „ახალზე“: ესენი არ გაყოფილან და არც გაიყოფიან, საკუთარი იდეით წარმოადგენენ ერთ ძალას - „ნაცმოძრაობას“ რომელიც 2012 წელს კინწისკვრით გააგდო ქართველმა ხალხმა ხელისუფლებიდან

მმართველი გუნდის გიორგი გაბუნიამ „ახალის“ შესაძლო დაყოფის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ „ახალი“ არ არის პოლიტიკური პარტია და „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფს წარმოადგენს.

„საერთოდ, პოლიტიკური პარტია, როგორც ასეთი, არის იდეები და ღირებულებები და როდესაც ამ ძალას არ გააჩნია არანაირი ღირებულებები და ფასეულობები, ჩვენ ვერ განვიხილავთ მათ, როგორც პოლიტიკურ პარტიას. ეს არის რადიკალური ძალა, რომელსაც აქვს ერთი დღის წესრიგი - ძალადობა, სიძულვილის ენის დათესვა საზოგადოებაში და ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლა. შესაბამისად, ესენი არ გაყოფილან და არც გაიყოფიან.

საკუთარი იდეით წარმოადგენენ ერთ ძალას - „ნაციონალურ მოძრაობას“ რომელიც 2012 წელს კინწისკვრით გააგდო ქართველმა ხალხმა ხელისუფლებიდან. შესაბამისად, მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არასოდეს იქნება“, - აცხადებს გაბუნია.

ცნობისთვის, „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციაში დაპირისპირების ახალი კერაა. ვიდრე გვარამიასა და მელიას მომხრეები გაიყოფიან, დავობენ, ვის დარჩება ბრენდი, ლოგო და პარტიის ნომერი. არსებული ინფორმაციით, ციხეში მყოფი მელია, გაღიზიანებულია ნიკა გვარამიაზე, რომელსაც პარტიის მიზანმიმართულ ჩამოშლაში ადანაშაულებს.