Loading data...
გია ვოლსკი: ამბობენ, რომ 26 მაისს „მშვიდობიანი“ აქცია იქნება, თუმცა ასეთივე „მშვიდობიანი“ იყო 4 ოქტომბერსაც, ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავენ

4 ოქტომბრის შემდეგ დაპირისპირების მცდელობა აღარ ყოფილა და ახლა ისევ უბრუნდებიან გეგმას, იქნებ დაპირისპირება მოხდეს და ვინმე დაშავდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ 26 მაისს „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია „ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავს“.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მერიაში განცხადება ხუთი დღით ადრე შედიოდა და აქცია ტარდებოდა. ახლა, როცა კანონის მოთხოვნა არ დაიცვეს, რასაკვირველია, უარიც მიიღეს, მით უმეტეს, 26 მაისს სცენა და ისეთი ინფრასტრუქტურა ვერ მოეწყობა, როგორიც თვითონ უნდათ, რადგან უკვე დაგეგმილია გარკვეული აქტივობა.

ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, თავიანთ პატრონებს შეახსენონ, რაში იხარჯება თანხა, რაც მათ ავალდებულებთ, ექსტრემისტული სცენარით იმოქმედონ.

4 ოქტომბრის შემდეგ ასეთი დაპირისპირების მცდელობა აღარ ყოფილა და ახლა ისევ უბრუნდებიან გეგმას, იქნებ დაპირისპირება მართლაც მოხდეს და ვინმე დაშავდეს. ამბობენ, რომ „მშვიდობიანი“ აქცია იქნება, თუმცა ასეთივე „მშვიდობიანი“ იყო 4 ოქტომბერსაც. ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავენ, მანამდე მშვიდობიან დამხობას გეგმავდნენ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.