გეკა გელაძე მიგრაციის პოლიტიკაზე: საკანონმდებლო ინიციატივებმა მოგვცა შესაძლებლობა, უფრო ეფექტურად, სწრაფად და ქმედითად შევძლოთ არალეგალების ქვეყნიდან გაძევება
„საკანონმდებლო ინიციატივებმა მოგვცა შესაძლებლობა, უფრო ეფექტურად, სწრაფად და ქმედითად შევძლოთ არალეგალების ქვეყნიდან გაძევება“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ მიგრაციის პოლიტიკაზე საუბრისას.
მისივე თქმით, გაძევების მთავარ სამმართველოს დაემატა დასავლეთის სამმართველო და გაიზარდა ადამიანური რესურსი.
„როგორც სისხლის სამართლის დანაშაულის ნაწილში დამატებით შეგვიძლია აკრძალვა შემოვიღოთ კონკრეტული არალეგალი პიროვნების მიმართ, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში შეგვიძლია 3 წლამდე ავუკრძალოთ ქვეყანაში შემოსვლა.
ჩვენი მხრიდან გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები სტრუქტურული გაძლიერების კუთხით, გაძევების მთავარ სამმართველოს დაემატა დასავლეთის სამმართველო, ასევე ადამიანური რესურსი გაიზარდა და ესეც ძალიან კარგ ეფექტს გვაძლევს.
ვმუშაობთ დამატებით საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც მალე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მიგრაციის დეპარტამენტი მუშაობს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე, რომელიც დაახლოებით მარტის თვის ბოლოს უკვე მზად იქნება და მოგვცემს შესაძლებლობას, ვიცოდეთ ქვეყანაში რამდენი არალეგალია“, - აღნიშნა გეკა გელაძემ.