Loading data...
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ვიეტნამელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ლე ჰოაი თრუნგთან შეხვედრა გამართა. 

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, ტურიზმის და ლოგისტიკის მიმართულებით. ყურადღება დაეთმო მაღალი დონის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხებს და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ვიეტნამის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ არსებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნა უახლოეს მომავალში, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა მომავალი თანამშრომლობისთვის.