გაბუნია: არ არსებობს არცერთი არგუმენტი, მათ შორის არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური, რომ დღის წესრიგში დადგეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის თემა, შესაძლოა, შანტაჟისთვის იყოს გამოყენებული, რადგან ფიქრობენ, რომ აღნიშნული საკითხს საპროტესტო მუხტის აწევა შეუძლია.
მისი თქმით, საქართველო დღემდე აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომლის ფონზეც ქვეყანამ ვიზალიბერალიზაცია მოიპოვა, ამიტომ არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს.
„საქართველო აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომლის გათვალისწინებითაც ქვეყანამ, თავის დროზე, მიიღო ვიზალიბერალიზაცია.
არ არსებობს არცერთი არგუმენტი, მათ შორის არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური, იმისა, რომ დღის წესრიგში დადგეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი.
ეს თავის დროზე და ახლაც აქციეს ერთგვარ სავაჭრო საგნად და პოლიტიკურ ინსტრუმენტად, ვინაიდან იციან ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ცდილობენ ვიზალიბერალიზაციის საკითხის გამოყენებას, თუ მათ დაეხმარებათ საპროტესტო მუხტის აწევაში“, - აღნიშნა გაბუნიამ.