Loading data...
ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: პატარა ქვეყანას, რომელსაც რუსეთი მეზობლად ჰყავს, არ შეუძლია ჰქონდეს რადიკალურად კონფრონტაციული მიდგომა, ეს სიგიჟე იქნებოდა, ბრიუსელში კომფორტულად სხედან, რუსეთი მათგან შორსაა

ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხმა „რუსთავი 2-თან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში არასამთავრობო ორგანიზაციების როლსა და საქართველოში ევროკავშირის პოლიტიკაზე ისაუბრა.

„რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა ევროპარლამენტარს შეახსენა მისი განცხადებები, სადაც ფროელიხი უცხოური დაფინანსების მქონე NGO-ებს საქართველოში დესტაბილიზაციის პროცესებთან აკავშირებდა.

ჟურნალისტის კითხვაზე: ყოველთვის აკრიტიკებთ არასამთავრობოებს და ღიად ამბობთ, რომ უცხოური დაფინანსების მქონე NGO-ები საქართველოში დესტაბილიზაციისთვის გამოიყენება. თქვენი აზრით, ეს ორგანიზაციები ლიბერალური პოლიტიკური დღის წესრიგის გაგრძელებაა თუ რეალური სამოქალაქო საზოგადოება?

ტომაშ ფროელიხმა უპასუხა: „მათ „სამოქალაქო საზოგადოებას“ უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში, ისინი მემარცხენე-ლიბერალი გლობალისტების დღის წესრიგს ახორციელებენ. NGO-ების 80-90% არის „უცხოური აგენტი“, რომელიც ცდილობს საზოგადოების შეცვლას ან ხელისუფლების ცვლილების ოპერაციებში მონაწილეობას. ჩვენ ეს ვნახეთ უკრაინაში 12 წლის წინ, ევრომაიდანის დროს - NGO-ებმა იქ გადამწყვეტი როლი ითამაშეს. ახლა იმავეს ცდილობენ საქართველოში. ისინი საუბრობენ კანონის უზენაესობაზე, მაგრამ რეალური ფაქტები სხვას ამბობს: „ჩენდლერის ინსტიტუტის“ და სხვა ორგანიზაციების მონაცემებით, საქართველო კანონის უზენაესობით ევროკავშირის 14 წევრ ქვეყანას უსწრებს. საქართველო პირველ ადგილზეა. ასე რომ, ბრიუსელის არგუმენტებს ფაქტებთან საერთო არაფერი აქვს“.

ჟურნალისტის კითხვაზე: საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ არსებობს ევროკავშირთან პრაგმატული პარტნიორობის შესაძლებლობა, თუმცა ევროკავშირი ირჩევს თბილისში აქციების მხარდაჭერას. თქვენ ახსენეთ, რომ მათ საქართველოში „მეორე ევრომაიდანის“ მოწყობა სურთ. როგორ აფასებთ ამას - როდესაც არსებობს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გზა, რატომ კეთდება სხვა არჩევანი?

ტომაშ ფროელიხმა უპასუხა:ევროკავშირის მიდგომა სრულიად მცდარია. ისინი ელიან, რომ თქვენ აირჩევთ უკრაინულ გზას. სრულიად მესმის, რატომ არ უჭერს ამას მხარს ქართველი ხალხი - ალბათ ამიტომაც აქვს „ქართულ ოცნებას“ ასეთი დიდი მხარდაჭერა. ევროპაში არცერთ პარტიას არ აქვს მსგავსი რეიტინგი, ვიქტორ ორბანის გარდა. ევროპარლამენტში მხოლოდ ორ ჯგუფს აქვს გონივრული მიდგომა საქართველოს მიმართ: „პატრიოტები ევროპისთვის“ და ჩვენს ჯგუფს - „სუვერენული ერების ევროპა“. სხვებს წარმოდგენა არ აქვთ თქვენს რეალურ სიტუაციაზე.

შეხედეთ რუკას - საქართველო შეიძლება იყოს ხიდი ევროპასა და აზიას შორის მრავალპოლარულ სამყაროში. ევროკრატებს ეს არ ესმით. ისინი საუბრობენ „ადამიანის უფლებებზე“ მაშინ, როცა საკუთარ ქვეყნებში - გერმანიაში, რუმინეთში, საფრანგეთსა და პოლონეთში - ოპოზიციას დევნიან. მათ უნდა ესმოდეთ, რომ პატარა ქვეყანას, რომელსაც რუსეთი მეზობლად ჰყავს, არ შეუძლია ჰქონდეს რადიკალურად კონფრონტაციული მიდგომა. ეს სიგიჟე იქნებოდა. ბრიუსელში კომფორტულად სხედან, რუსეთი მათგან შორსაა. შემდეგში ევროპარლამენტარებს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ გამოდიან, რუკა აჩვენეთ და სთხოვეთ მიგითითონ, სად არის საქართველო. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობამ არც კი იცის. სწორედ ეს უცოდინარობაა მათი პოლიტიკის მიზეზი“.