Loading data...
ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში: მე ვიზიარებ საქართველოს მთავრობის მიდგომას, თუ NGO-ები იმ პოლიტიკოსების ინტერესებს წარმოადგენენ, ვინც მათ აფინანსებს, ისინი ვერ იქნებიან დამოუკიდებლები

„რუსთავი 2-თან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა ბრანისლავ ონდრუშიმ ისაუბრა.

„რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტის კითხვაზე - სანამ პოლიტიკაში მოხვიდოდით, ცნობილი ჟურნალისტი იყავით. დღეს სლოვაკეთიცა და საქართველოც ბრიუსელის მკაცრი კრიტიკის ობიექტია, უცხოური დაფინანსების მქონე მაუწყებლობის რეგულირებისა და NGO-ების გამჭვირვალობის მცდელობის გამო. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, გჯერათ, რომ ეს მცდელობები სამოქალაქო საზოგადოების დაცვას ემსახურება, თუ ემსახურება იმ ორგანიზაციების გადარჩენას, რომლებიც შიდა პოლიტიკის გასაკონტროლებლად გამოიყენება?

ევროპარლამენტარი პასუხობს: „შეხედეთ ე.წ. „სამოქალაქო საზოგადოების“ სტრუქტურას. ბევრი NGO სინამდვილეში პროფესიონალი პოლიტიკური აქტივისტებითაა დაკომპლექტებული. სლოვაკეთში ყველაზე ძლიერი NGO-ები იდეოლოგიური „ანალიტიკური ცენტრებია“, რომლებიც დასავლეთიდან და აშშ-დან მიღებული პოლიტიკური ფულით იკვებებიან. ბევრი მათგანი ლობისტური ჯგუფია, რომლებიც გაუმჭვირვალედ ფინანსდებიან.

დღევანდელ მსოფლიოში სამოქალაქო საზოგადოებას ხშირად წარმოადგენენ პოლიტიკური აქტივისტები, რომლებმაც ვერ შეძლეს სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციაში - არჩევნებში გამარჯვება და შემდეგ ამ სფეროში გადაინაცვლეს. განსხვავება ისაა, რომ პოლიტიკოსს საზოგადოებრივი მხარდაჭერა სჭირდება, მათ კი მხოლოდ ფული - ხშირად გაუმჭვირვალე. ისინი სამოქალაქო საზოგადოებას პოლიტიკური ბრძოლის გასაგრძელებლად იყენებენ.

ვფიქრობ, სამართლიანია ნებისმიერი ქვეყნისთვის, საზოგადოების ყველა სფეროს რეგულირება, მათ შორის NGO-ებისაც. იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენა აქვთ მათ, გამჭვირვალობის ისეთივე წესები უნდა არსებობდეს, რაც პოლიტიკური პარტიებისთვისაა. ამიტომ, მე ვიზიარებ საქართველოს მთავრობის მიდგომას. თუ NGO-ები იმ პოლიტიკოსების ინტერესებს წარმოადგენენ, ვინც მათ აფინანსებს, ისინი ვერ იქნებიან დამოუკიდებლები“, - აღნიშნა ბრანისლავ ონდრუშიმ.