Loading data...
ევროკომისიის კვლევა: ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომა შავი ზღვის რეგიონისადმი აღიარებს შავ ზღვასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებს, როგორც საკვანძო კარიბჭეს

ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი სასურველიდან სტრატეგიულად აუცილებელ მარშრუტად იქცა, რაც გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა და „ჩრდილოეთის დერეფნის“ მოწყვლადობას ასახავს, - აღნიშნულია ევროკომისიის კვლევაში სახელწოდებით Advancing a Cross-Regional Connectivity Agenda („რეგიონთაშორისი კავშირების განვითარების დღის წესრიგი“).

„ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომა შავი ზღვის რეგიონისადმი აღიარებს შავ ზღვასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებს, როგორც საკვანძო კარიბჭეს, რომელიც აკავშირებს ევროპას თურქეთთან, სამხრეთ კავკასიასთან, ცენტრალურ აზიასთან და მის მიღმა რეგიონებთან. ევროკავშირისთვის გაძლიერებულმა სატრანსპორტო დაკავშირებადობამ თურქეთთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთან (სამხრეთ კავკასიის ჩათვლით) და ცენტრალურ აზიასთან შესაძლოა, უზრუნველყოს ნედლეულისა და საქონლის უფრო სწრაფი და საიმედო იმპორტი და, ამავდროულად, გახსნას საექსპორტო ბაზრები მთელ ევრაზიაში, რაც ორმხრივად მომგებიანი ვაჭრობის განვითარებას გამოიწვევს.

ამ მისწრაფებაში ჩრდილოეთის დერეფნის საიმედოობის შემცირებისა და სამხრეთის მარშრუტის ნელი განვითარების ფონზე, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი (TCTC) წარმოჩნდება, როგორც ყველაზე იმედისმომცემი გზა ევროპასა და აზიას შორის მდგრადი, დივერსიფიცირებული და გეოპოლიტიკურად მდგრადი მულტიმოდალური სატრანსპორტო კავშირისთვის.

როგორც წესი, როდესაც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი (TCTC) განიხილება, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი წარმოჩნდებიან, როგორც ძირითადი აქტორები ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალ მარშრუტზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

კვლევის ავტორები ასევე წერენ, რომ რეგიონში ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმება კიდევ უფრო ამკვიდრებს ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანს, როგორც ყველაზე სიცოცხლისუნარიან მარშრუტს მდგრადი, დივერსიფიცირებული და მედეგი რეგიონული დაკავშირებადობისთვის.