„ეს ტრაგედია უნდა იქცეს ნათელ მაგალითად, თუ როგორ კლავს „ნაცების“ პროპაგანდა და რაზეა წამსვლელი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ - გივი ჩხარტიშვილი ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაზე
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გივი ჩხარტიშვილი „ქართული ოცნების" წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას ეხმაურება.
როგორც გივი ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მისი გარდაცვალების მიზეზი სიძულვილის და ბულინგის პროპაგანდა გახდა, რომელსაც მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უდგას სათავეში.
„კოლექტიური ნაცმოძრაობის „ლიბერალური“ ფაშიზმის უმძიმესი შედეგი, რომელმაც ჩვენი გუნდის წევრი, ერმილე გიგიაძე იმსხვერპლა გეგუთში. მისი გარდაცვალების მიზეზი ზიზღის, სიძულვილის, ბულინგის ნაცური პროპაგანდა გახდა. ამ ნაცისტური პროპაგანდის პრევენციის მიზნით, ჩვენმა გუნდმა არაერთხელ მიმართა, მათ შორის დონორებს, რომლებიც ხშირად ირიბად, მაგრამ ფაქტია, ამ სიძულვილის კამპანიის დამფინანსებლები არიან.
მომხდარს ვეღარაფერი გამოასწორებს, მაგრამ ეს ტრაგედია აუცილებლად უნდა იქცეს ნათელ მაგალითად, როგორ კლავს ნაცების ნაცისტური პროპაგანდა და რაზეა წამსვლელი კოლექტიური ნაცმოძრაობა. ეს უნდა იყოს ნათელი მაგალითი საზოგადოებისთვის. ნაცმოძრაობა და მისი განშტოებები ფაშისტური მენტალიტეტით, აუცილებლად მალე დასრულდებიან ქართულ პოლიტიკაში“, - წერს გივი ჩხარტიშვილი.
ცნობისთვის, ერმილე გიგიაძე შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის აქტივისტმა როლანდ ნუცუბიძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.