„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებით, საქართველომ უნდა დატოვოს საერთაშორისო ორგანიზაციები, თუ ხელშეკრულებები, რომლებიც ფარსადაა გადაქცეული
„სრული უფუნქციობის პირობებში, ამგვარი ფორმატები, იქნება ეს ეუთო, ვენეციის კომისია თუ სხვა, სრულად ჩამოყალიბდა ოლიგარქიული ოჯახების ინსტრუმენტად, რასაც საკუთარი პოლიტიკური და იდეოლოგიური მიზნებისთვის იყენებენ.
უცვლელია საქართველოში ხელისუფლების დამხობის და მისი აგენტურით ჩანაცვლების სცენარი, და ეუთოს დასკვნა, ისევე როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია თუ სხვა მექანიზმები, გასული წლების მსგავსად, ასრულებს რევოლუციური პროცესებისთვის “საწვავის” როლს.
ასეთ რეალობაში მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა დატოვოს აბსოლუტურ ფარსად და მხოლოდ შანტაჟის იარაღად გადაქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები თუ ორგანიზაციები. საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია ხელისუფლებას ამ ვალდებულებების შესრულება, როდესაც ჩვენგან ითხოვენ, რომ უარი ვთქვათ საკუთარ სარწმუნოებაზე, ტრადიციულ ღირებულებებზე, სუვერენიტეტზე და ხელისუფლებაში დავაბრუნოთ აგენტურული ქსელი. არ არსებობს სხვა რაიმე ობიექტური შეფასების კრიტერიუმი, და ეს ვითარება მომავალში არათუ გაუმჯობესდება, არამედ დეგრადაციის დონე ყველა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება.
მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ აღარ არის საკმარისი ევრობიუროკრატიის მხილება და კრიტიკა, არამედ საჭიროა საბოლოოდ მოვიშოროთ თავსმოხვეული შეთანხმებები და ვალდებულებები, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი პოზიტიური ეფექტი ჩვენი ხალხისა თუ ქვეყნისთვის და გამოყენებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ,“ - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.