„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ - მორალურად სახე დაკარგული ბრიტანეთის მთავრობა ადვილად მართვადია და მას იყენებენ ბინძური დავალებების შესასრულებლად, რისი ნაწილიც არის საქართველოზე პოლიტიკური შანტაჟის განხორციელების მორიგი მცდელობა, ამჯერად ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსTV“-ის სანქცირების გზით
„მორალურად სახე დაკარგული ბრიტანეთის მთავრობა ადვილად მართვადია და მას იყენებენ ბინძური დავალებების შესასრულებლად, რისი ნაწილიც არის საქართველოზე პოლიტიკური შანტაჟის განხორციელების მორიგი მცდელობა, ამჯერად ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსTV“-ის სანქცირების გზით“, - ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ როდესაც თბილისისა და ბრიუსელის აგენტურული ქსელის სრული გაშიფვრა მოხდა მას შემდეგ „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა ტელეკომპანიების სანქცირების გზით მათ სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენს ქვეყანაზე პოლიტიკური შანტაჟის მორიგ მცდელობას, რასაც ოლიგარქიული ოჯახები ამჯერად დიდი ბრიტანეთის ხელით ახორციელებენ. რუსეთთან ომის გახანგრძლივება კვლავ არის მათი ინტერესი და ამ მიზნისთვის ისინი იყენებენ საკუთარ მარიონეტებს.
საქართველოში, ასევე საკუთრივ ევროპაში, „დიფ სთეითის” მიერ მართული ევრობიუროკრატიის სრული გაკოტრების ფონზე განხორციელდა ტაქტიკური ცვლილებები და კიდევ ერთხელ გაკეთდა აქცენტი ბრიტანეთის მთავრობაზე, რომელმაც მიღებული საგანგებო დავალების შესაბამისად, ერთხელ უკვე შეასრულა საბედისწერო როლი 2022 წლის აპრილში, კონფლიქტის მხარეების მიერ ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლით.
მაშინ, როდესაც თბილისისა თუ ბრიუსელის აგენტურული ქსელი მთლიანად გაიშიფრა და დაკარგა ყველანაირი ეფექტი, „დიფ სთეითმა” გადაწყვიტა, ადვილად პროგნოზირებადი უკანასკნელი სვლების გაკეთება. ტელეკომპანიების “იმედისა” და “პოსTV“-ის სანქცირების შედეგი წინასწარ ცნობილია - ცხადია ეს ნაბიჯი ვერ იმოქმედებს აღნიშნული ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკაზე და ვერც მათი მაყურებლის ანუ ქართველი ხალხის უმრავლესობის მტკიცე პოზიციაზე - არასოდეს დაუშვას საქართველოს პროქსი სახელმწიფოდ გადაქცევა. “იმედი” არ დაუბრუნდება სიცრუის ტირაჟირებას, „მოდელირებული ქრონიკის” და „BBC“-ის მსგავსი „ფეიკ“ სიუჟეტების სტანდარტით მუშაობას,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებით, „დიფ სთეითმა“ ამჯერად დიდი ბრიტანეთის სახელით განაცხადა, რომ „სიმართლე დასჯადია“, ხოლო მშვიდობის დაცვა კი დანაშაული.
„ჩვენ ვხედავთ ღირებულებით გაუკუღმართებას, როდესაც აფინანსებენ და ახალისებენ ისეთ მედიასაშუალებებს, რომლებიც გამოირჩევიან ლიბერალური ფაშიზმით, ცილისწამებით, დაპირისპირების გაღვივებით, პრესის თავისუფლების ჯილდო გადაეცემათ ნიკა გვარამიასა და პოლიციელზე მოძალადე მზია ამაღლობელს, ამის პარალელურად კი, სანქციებს იყენებენ იმ ტელევიზიების წინააღმდეგ, რომლებიც „დიფ სთეითის” კონტროლს მიღმა არიან და ქართველ ხალხს არ კვებავენ ცრუ ნარატივებით - უკრაინის გარდაუვალ გამარჯვებაზე თუ სხვა საკითხებზე.
ოლიგარქიულმა ოჯახებმა ამჯერად დიდი ბრიტანეთის სახელით გვითხრეს, რომ სიმართლე დასჯადია; რომ მშვიდობის შენარჩუნება და სუვერენიტეტის დაცვა დანაშაულია. ნიშანდობლივია, რომ ეს ყოველივე ხდება იმის ფონზე, რომ უკანასკნელ პერიოდში ოლიგარქიული ოჯახები, მათივე მართული სპეცსამსახურებით და ინფორმაციების კონტროლირებადი გავრცელებით მომაკვდინებელ დარტყმას აყენებენ დიდი ბრიტანეთის მრავალსაუკუნოვან სახელმწიფო სიმბოლოს - სამეფო ოჯახს.
მსოფლიომ იხილა პედოფილიასა და სექსტრეფიკინგში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პრინცი ენდრიუ და ბრიტანეთის ელჩი აშშ-ში. მორალურად სახედაკარგული ბრიტანეთის მთავრობა ადვილად მართვადია და მას იყენებენ ბინძური დავალებების შესასრულებლად, რისი ნაწილიც არის საქართველოზე პოლიტიკური შანტაჟის განხორციელების მორიგი მცდელობა, ამჯერად ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსTV“-ის სანქცირების გზით,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ მსგავსი ჰიბრიდული შეტევები დიდი ბრიტანეთის მიერ გადადგმული ნაბიჯით არ დასრულდება, შესაბამისად საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს თანმიმდევრული ქმედებები სახელმწიფოებრიობის დასაცავად.
„ნათელია, რომ მსგავსი ჰიბრიდული შეტევები არ დასრულდება ამ ნაბიჯით, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს თანმიმდევრული ქმედებები, მათ შორის აუცილებლად მიგვაჩნია სამართლებრივი რეაგირება იმ ორგანიზაციების და პირების საქმიანობაზე, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მტკიცებით ფორმაში ავრცელებენ ბრიტანული „BBC“-ის ცრუ ნარატივს, მოქალაქეთა გაზით მოწამვლის შესახებ.
ასევე, ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეთ დიპლომატიური ჩარჩოებიდან გასული ელჩების აბსოლუტურად თავხედურ თავდასხმებს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე და ჟურნალისტებზე. აქვე, ჩვენი პარტიის სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ „იმედისა“ და პოსTV”-ის თანამშრომლებს.
ქართველი ხალხის სიმართლით შეიარაღება და „დიფ სთეითის“ აგენტურული ქსელის სრული განეიტრალება არის იმის გარანტი, რომ ქვეყნის გარედან განხორციელებულ შანტაჟს ვერც ერთ ეტაპზე, ვერ ექნება გავლენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე,“ - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.