„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სრულ ფარსად გადაიქცა საერთაშორისო შეთანხმებები და გაერთიანებები. ფაქტია, რომ აღარ არსებობს ის ღირებულებები, რასაც ოდესღაც დეკლარირებდნენ აღნიშნული ორგანიზაციები
„ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სრულ ფარსად გადაიქცა საერთაშორისო შეთანხმებები და გაერთიანებები. ფაქტია, რომ აღარ არსებობს ის ღირებულებები, რასაც ოდესღაც დეკლარირებდნენ აღნიშნული ორგანიზაციები“, - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას ეხმიანება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო შეთანხმებების და ვალდებულებების ფორმატი გლობალურად კარგავს ფუნქციას, რამდენადაც მუდმივად ირღვევა მსოფლიო წესრიგი.
„რთული იქნება რომელიმე კონკრეტული ჩანაწერის გამოყოფა, რადგან ანგარიში მთლიანად სიცრუეს ეფუძნება. საერთო ჯამში, მოსკოვის მექანიზმის დასკვნა გვეუბნება, რომ ადამიანის უფლებები ეს არის - ლგბტ პროპაგანდა, ხოლო დემოკრატია - კოლექტიური ნაცმოძრაობის მმართველობა.
საერთაშორისო შეთანხმებების და ვალდებულებების ფორმატები გლობალურად კარგავს ფუნქციას, რადგან ბოლომდე ირღვევა ის მსოფლიო წესრიგი, რომლის ნაყოფსაც ისინი წარმოადგენდნენ. როგორც ცნობილია, სულ რამდენიმე თვის წინ აშშ 70-მდე ასეთი ხელშეკრულებიდან გავიდა“,- ვკითხულობთ განცხადებაში.