Loading data...
ეკა სეფაშვილი: პოლიტიკური საქმიანობა უნდა განახორციელოს პოლიტიკურმა აქტორმა და პარტიამ, ხოლო ბიზნესი უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც ბიზნესოპერატორს და ეკონომიკურ აგენტს შეეფერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებაზე, რომლის თანახმადაც, მეწარმე სუბიექტის მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობას არ უკავშირდება, ადმინისტრაციული დარღვევა გახდება.

დეპუტატის თქმით, პოლიტიკურ საქმიანობას უნდა ახორციელებდეს პოლიტიკური აქტორი და პარტია, ხოლო ბიზნესი უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც შეჰფერის ბიზნესოპერატორს და ეკონომიკურ აგენტს.

„რადიკალური ფრთა და აგენტები ცდილობენ, რომ კანონის ეს ჩანაწერი წარმოაჩინონ უტრირებულად და დახატონ მაქსიმალურად მუქ ფერებში. სინამდვილეში საუბარია იმაზე, რომ ბიზნესმა უნდა აკეთოს თავისი საქმე, შესთავაზოს მომხმარებელს მომსახურება, საქონელი და არ იყოს ეს მომსახურება და საქონლის შეთავაზება რაიმე პოლიტიკური ნიშნით მოტივირებული. ანუ ბიზნესი ყველას ერთიანი სტანდარტით უნდა მოემსახუროს. ზოგადად, თუ პოლიტიკაში ჩართვა სურს ბიზნესის წარმომადგენელს, რა თქმა უნდა, მისთვის გზა ხსნილია. აქ საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკაში ბიზნესის ფული და პირდაპირი დაფინანსება არ უნდა შედიოდეს, როგორც არის აკრძალული პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, სწორად ამ კუთხითა და ლოგიკით არის აკრძალული ბიზნესის მიერ ასეთი პოლიტიკური აქტივობის წამართვა. არსებობს გზები, რითაც შეუძლია ბიზნესს თავისი სიმპათია, თუ ანტიპათია გამოხატოს, მაგრამ ისე, რომ არ შეილახოს ჩვეულებრივი რიგითი მომხმარებლის უფლება და არ დაირღვეს საქართველოს კანონი „პოლიტიკური საქმიანობის შესახებ“. ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ კანონში ცვლილება არ ეხება ბიზნესის ინტერესებს, მაგალითად, ბიზნესსფეროში რაიმე რეგულაციის შეცვლის, ან მათ სფეროში არსებული მოთხოვნების დაყენებას, კანონი მათ არ უკრძალავს. პოლიტიკური საქმიანობა უნდა განახორციელოს პოლიტიკურმა აქტორმა და პარტიამ, ხოლო ბიზნესი უნდა მოქმედებდეს, როგორც ბიზნესოპერატორს და ეკონომიკურ აგენტს შეეფერება“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.