ეკა სეფაშვილი: პაველ ჰერჩინსკი ისევ და ისევ გამოირჩევა საქართველოსადმი უსამართლო მიდგომითა და უსაფუძვლო კრიტიკით - ყველაფერი არის იმ საერთო დღის წესრიგის ნაწილი, რომლის ერთ-ერთი გამოვლენა ჩვენ ვიხილეთ ჰააგაში ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ მიღებული დეკლარაციის სახით
„მინდა, გამოვეხმაურო პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომელიც ისევ და ისევ გამოირჩევა საქართველოსადმი უსამართლო მიდგომითა და უსაფუძვლო კრიტიკით“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა.
იგი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია ერთი დღითაც არ შენელებულა.
„ჰერჩინსკი ამბობს, რომ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე მყოფ სახელმწიფოებს შორის საქართველო არ არის, რაც არის აბსოლუტური სიცრუე იმიტომ, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ერთი დღითაც არ შენელებულა. საქართველო ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ასოცირების შეთანხმების სხვადასხვა პუნქტისა და მუხლის შესრულებას და სწორედ ეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია და არა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც პირველ რიგში ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, ამავე დროს ეწინააღმდეგება ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპებსაც. ამაში პირველ რიგში ვგულისხმობ გამჭვირვალობის კანონს და იმ ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ, ევროკავშირის მცდელობებს, რომლებიც ჩვენ ავსახეთ ოჯახური ღირებულებების კანონში“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი არის იმ საერთო დღის წესრიგის ნაწილი, რომლის ერთ-ერთი გამოვლენა ვიხილეთ ჰააგაში ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ მიღებული დეკლარაციის სახით.
„თუ ვინმე არღვევს დემოკრატიის პრინციპებს და თუ სადმე შეინიშნება დემოკრატიული უკუსვლა, ეს არის სწორედ ევროკავშირი, რომელმაც შეწყვიტა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი 2024 წლის ივნისში და ეს დემოკრატიის თვალსაზრისით სწორედ უკან გადადგმული ნაბიჯია.
როგორც ჩანს, ევროკავშირის მესვეურებს არ სურთ ოფიციალურ დონეზე გაჟღერებული საქართველოს არგუმენტები, რომელთა უგულებელყოფა მათ არ შეუძლიათ. სწორედ ასეთი არგუმენტები დაუპირისპირა ჩვენმა დელეგაციამ ჰააგაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებს. სწორედ ჩვენს მიერ გაჟღერებული განცხადებების შედეგი იყო, რომ როდესაც ეს უსამართლო დეკლარაცია მიიღო ჰააგაში ჩატარებულმა საპარლამენტო ასამბლეამ, ამის შემდეგ ჩვენი დელეგაციის თითოეულ წევრთან მოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და იყო გარკვეული მობოდიშება, რომ „ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, ეს იყო ჩვენი პოლიტიკური დაკვეთა“. მაგალითად, პირადად მე მქონდა რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებთანაც და ზოგმა ქვეყანამ ასეთი რამეც აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ეთანხმებოდნენ საქართველოს პოზიციას, მაგრამ „სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვწევს ძალა, რომ ამის შესახებ ხმამაღლა განვაცხადოთო“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.