ეკა სეფაშვილი: კონგრესმენებთან შეხვედრაზე შედგა აქტიური აზრთა გაცვლა-გამოცვლა საქართველოს გლობალურ როლზე, ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე
„ხალხის ძალიდან“ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის ეკა სეფაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვედრა ჰქონდათ კონგრესმენებთან.
როგორც სეფაშვილმა აღნიშნა, შეხვედრებმა პოზიტიურ გარემოში გაიმართა და შეეხო საქართველოს გლობალურ როლს, სტრატეგიულ მნიშვნელობასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
„შედგა აქტიური აზრთა გაცვლა-გამოცვლა საქართველოს გლობალურ როლზე, მის სტრატეგიულ მდებარეობასა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე, ასევე ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე.
სუვერენული ერების ალიანსის პირველი კონფერენცია ოფიციალურად უკვე გაიხსნა. დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა პანელი, რომლებიც დაეთმობა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა სიტყვის თავისუფლება და ცენზურა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, სუვერენული სახელმწიფოების როლი და ადგილი თანამედროვე გლობალურ მსოფლიოში.
ჩვენი მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა, რომ ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, რაც მომავალში უფრო მჭიდრო სტრატეგიულ თანამშრომლობაში უნდა გადაიზარდოს. ამ იდეას საკმაოდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და იმედი მაქვს, აღნიშნული დიალოგი გაგრძელდება და კონკრეტულ შედეგებში აისახება“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა და „ხალხის ძალიდან“ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ეკა სეფაშვილი.