Loading data...
ეკა სეფაშვილი გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) სესიაზე სიტყვით გამოვიდა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მდივანი ეკა სეფაშვილი ჟენევაში, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) სესიაში მონაწილეობს.

სიტყვით გამოსვლისას ეკა სეფაშვილმა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების თანახმად, უკვე დადგენილია, რომ ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უფლებები უხეშად არის დარღვეული. მათ შორის, დარღვეულია კერძო საკუთრების უფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება და თავისუფალი გადაადგილების უფლება. არსებობს ფატალური შემთხვევები, როდესაც ცალკეულ მოქალაქეებს არ მიეცათ საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის შესაძლებლობა, რათა საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებული ჯანდაცვის სერვისები მიეღოთ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა. 


მისი თქმით, საქართველოს ბიუჯეტში გათვალისწინებულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა სერვისების უფასოდ მიწოდების კომპონენტი.


გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არსებობს არავითარი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევდა ადამიანის უფლებების დაცვას.

„როგორც ცნობილია, საერთაშორისო მონიტორინგის მისიების მუშაობა შეზღუდულია რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან“, - განაცხადა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მდივანმა.