ეკა სეფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე: საქართველო ინარჩუნებს ეკონომიკურ ზრდას და ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას იმკვიდრებს
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი, 19 თებერვალს ვენაში, ავსტრიის რესპუბლიკაში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მეორე კომიტეტის (ეკონომიკური, ეკოლოგიური და ტექნოლოგიური საკითხები) სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
დისკუსია შეეხებოდა გეოეკონომიკის, ტექნოლოგიისა და უსაფრთხოების საკითხებზე ცვალებად გარემოში ნავიგაციას.
ეკა სეფაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ გლობალიზებული ეკონომიკისა და მზარდი საფრთხეების პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ქვეყანა ინარჩუნებს ეკონომიკურ ზრდას და ატარებს პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას.
მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე პროექტები ქვეყანას ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას უმკვიდრებს, რაც, ერთი მხრივ, ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს, ხოლო მეორე მხრივ - დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას უწყობს ხელს.
კომიტეტის სხდომაზე გამართულ დებატებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ და ეკონომიკურ სირთულეებს ეუთოს რეგიონში. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მთავრობების ეფექტიანი ქმედებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას.
სხდომაზე, ასევე, აღინიშნა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა ეკონომიკურ-ეკოლოგიურ სფეროებში. პორტუგალიის რესპუბლიკის წარმომადგენელმა, პაოლა კარდოზომ, აღნიშნა, რომ აღნიშნულ სექტორებში პროგრესის მიღწევისთვის ახალგაზრდების მონაწილეობა ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს.