დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით ორი პირი გამოჰკითხა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე კარიერული დიპლომატები - ვიქტორ დოლიძე და კონსტანტინე ჟღენტი გამოჰკითხა.
ვიქტორ დოლიძემ ისაუბრა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად და ნატოში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ხელისუფლების მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და არსებულ წინააღმდეგობებზე.
როგორც მან აღნიშნა, ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება არც გუშინ და არც გუშინწინ, არამედ 2012 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო, როდესაც „ქართული ოცნების“ კოალიცია ხელისუფლებაში მოვიდა - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბრიუსელში და სხვა დედაქალაქებში მაშინვე დაიწყო სერიოზული კამპანია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებაში რუსული ოლიგარქიული რეჟიმი მოვიდა.
„კოალიციის წევრებს დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ ვიყავით პროევროპული და პროდასავლური ძალა, რომელსაც ნატოში და ევროკავშირში წევრობა სურდა და ეს კონსტიტუციაშიც ჩავწერეთ“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება განსაკუთრებულ სირთულეებს ევროპარლამენტში აწყდებოდა, მათ შორის, რეზოლუციების მიღების პროცესში.
ვიქტორ დოლიძის განცხადებით, იმ პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე მნიშვნელოვანი ძალისხმევა იყო მიმართული და რეზოლუციებში ეს საკითხი სხვა საკითხებთან ერთად ხვდებოდა, თუმცა იმის გამო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, ამ რეზოლუციებს მხარს არ უჭერდა ან ისეთი ჩანაწერის დამატება სურდა, რომელიც მაგალითად, ახალაიას ან მერაბიშვილის პატიმრობას შეეხებოდა, რაც მიუღებელი და წარმოუდგენელი იყო.
„პოლიტიკური მიზეზების გამო, ამგვარი თემატიკით აპელირება და ქვეყნისთვის სტრატეგიულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი რეზოლუციისთვის ზარალის მიყენება, ოპოზიციაში იქნები თუ ხელისუფლებაში, აბსოლუტურად წარმოუდგენელია. თუმცა, ჩემთვის ეს გასაკვირი არ იყო, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური ძალა, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში ყოფნის დროსაც, სამწუხაროდ, სახელმწიფო ინტერესებს არ წარმოადგენდა და არც დღეს წარმოადგენს“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა არაფორმალური საუბრის დროს განუცხადეს, რომ საერთოდ არ აინტერესებდათ ვანო მერაბიშვილი დამნაშავე იყო თუ არა, არამედ ეს იყო პოლიტიკური მხარდაჭერა და მათთვის მნიშვნელოვანი იყო მისი თავისუფლებაზე ყოფნა.
მისივე თქმით, 2012-2016 წლებში, განსაკუთრებით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, რომ წინა ხელისუფლებისთვის დანაშაულები ეპატიებინათ და აუცილებელი იყო კოჰაბიტაცია.
ნატოში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდზე საუბრისას, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ განხორციელებული ქმედებები, განსაკუთრებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა, თუმცა მათ ნატოზე, როგორც ორგანიზაციაზე, ზეგავლენის ნაკლები ბერკეტი გააჩნდათ.
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხებზე კონსტანტინე ჟღენტი გამოჰკითხა.
როგორც მან აღნიშნა, დასავლელი პოლიტიკოსებისა და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების ინტერესები დღეს ერთმანეთს ემთხვევა.
„ამ პოლიტიკოსების ინტერესი არ არის ისაუბრონ იმაზე, როგორი წარმატებები აქვს საქართველოს ხელისუფლებას, არამედ უნდათ, რომ საქართველოში ისეთი მთავრობა იყოს, რომელიც მათ ინტერესებს გაატარებს და არა ქვეყნის ინტერესებს. ოპოზიციას თავისი ინტერესი აქვს - ყველა საშუალებით ხელისუფლებაში დაბრუნდეს. მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა“, - განაცხადა კონსტანტინე ჟღენტმა.
მან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს განვითარებული მოვლენები გაიხსენა, რა დროსაც ის უნგრეთში დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა.
კონსტანტინე ჟღენტის განცხადებით, 7 აგვისტოს საღამოს, საგარეო საქმეთა სამინისტროდან „ცირკულარული წერილი“ მიიღო, სადაც ეწერა, რომ ქართული მხარე ყოფილ სამხრეთ ოსეთს, ჯავის გარდა, თითქმის სრულად აკონტროლებდა, პრაქტიკულად მისული იყო გვირაბთან და წესრიგი აღდგენილი იყო. წერილის თანახმად, ქართველ დიპლომატებს დაევალათ ადგილსამყოფელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებში ემუშავათ იმაზე, რომ რუსეთის მხრიდან ამას აგრესია არ მოჰყოლოდა.
მისივე თქმით, როდესაც უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წერილი მიიტანა, ერთ-ერთმა თანამშრომელმა აჩვენა „სიენენზე“ გასული კადრები, სადაც ეკა ზღულაძე ამბობდა: „ნუ გეშინიათ, ტანკმა ორჭოსანთან აუხვიაო“.
„ასეთი სირცხვილი, ჩემს ცხოვრებაში როგორც დიპლომატს, არ განმიცდია, რაც იქ განვიცადე“, - განაცხადა კონსტანტინე ჟღენტმა.
მისივე მოსაზრებით, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კოჰაბიტაცია ყველაზე მეტად საგარეო საქმეთა სამინისტროს შეეხო, რაც უმჯობესი იყო არ მომხდარიყო, რადგან დიპლომატების ნაწილი თავისი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა.
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პროცედურული საკითხებიც განიხილა.
დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილი იყო პენიტენციური დაწესებულებიდან გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის ჩართვა, რაზეც მათ უარი განაცხადეს. კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, სამივე პირის საქმე შემდგომი შეფასებისა და რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცა.
კომისიამ, ასევე, განიხილა გიორგი გახარია წერილი, სადაც ის აცხადებს, რომ საზღვარგარეთ ყოფნის გამო, 2 ივლისს, კომისიის სხდომას ვერ დაესწრება, თუმცა მზად არის დისტანციურად ჩაერთოს.
კომისიის წევრებმა აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ გიორგი გახარიას მიეცა სხდომაზე დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა იმ პირობით, რომ მან 2 ივლისს უნდა უზრუნველყოს ტექნიკურად და ლოგისტიკურად ჩართვისთვის ნორმალური პირობები და ხელი შეუწყოს სხდომის სრულფასოვნად გამართვას.