Loading data...
დიმიტრი ხუნდაძე WIN | Worldwide Independent Network of MR & OP-ის კვლევაზე: ეს კვლევაც ერთ-ერთი დასტურია იმის, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და როდესაც ქალბატონები აქ თავს გრძნობენ ყველაზე უსაფრთხოდ, ერთ-ერთი მანიშნებელია იმისა, რომ არავის საქართველოში არავითარი საფრთხე არ ემუქრება

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში ქალების უსაფრთხოების თემაზე საერთაშორისო კვლევის შედეგებს ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კვლევის შედეგები ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მაღალი მაჩვენებლითაა განპირობებული.

დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა იმაზეც, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და გენდერული კუთხით საფრთხე არავის ემუქრება.

„ეს მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, საერთო მუშაობის შედეგია, მაგრამ მეტწილად სამართალდამცავების საქმიანობის დამსახურებაა, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგზე არიან უშუალოდ პასუხისმგებლები და ეს წესრიგი საქართველოში იგრძნობა.

ეს კვლევაც ერთ-ერთი დასტურია იმის, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და როდესაც ქალბატონები აქ თავს გრძნობენ ყველაზე უსაფრთხოდ, ერთ-ერთ მანიშნებელია იმისა, რომ არავის საქართველოში არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ასევე, არავითარი საჭიროება არ არსებობს იმის, რომ გვქონდეს გენდერული რეგულაცია და კვოტები შემოვიღოთ იმისთვის, რომ ქალთა მონაწილეობა, ან ქალთა უსაფრთხოება ამ გზით იქნეს პრიორიტეტში აყვანილი, ან დასაცავი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინფორმაციისთვის, WIN | Worldwide Independent Network of MR & OP-ის მიერ ჩატარდა უახლესი ყოველწლიური კვლევა „Worldviews“ , რომლის თანახმად, საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, სადაც ქალები ღამით საჯარო სივრცეში თავისუფლად გადაადგილებისას ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.