დიმიტრი ხუნდაძე: USAID-ი იყო „დიფ სტეიტის“ სალარო - დროა, დადასტურდეს, რომ საქართველო იყო პირველი, ვინც ამაზე ხმა ამოიღო, თუკი გაჩუმდება ტრამპის ადმინისტრაცია, ესეც მინიშნება იქნება, რომ შესაძლოა, გარკვეულწილად, ჯერ კიდევ აწყობთ და მხარს უჭერენ

„USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის განაცხადი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ USAID-ი იყო „დიფ სტეიტის“ სალარო და ისინი სწორედ ამ გზით ახერხებდნენ, გაეცათ თანხები მათთვის არასასურველი ხელისუფლებების დამხობისთვის, შეცვლისათვის და ასეთ ქვეყნებში რევოლუციური პროცესების საწარმოებლად“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ, USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის, სამატა პაუერის აღიარების კომენტირებისას.
როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, დროა, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ არამხოლოდ ის აღიაროს, რომ USAID-ს ნამდვილად არადემოკრატიული მიზნები ამოძრავებდა, არამედ, დაადასტუროს ისიც, რომ სწორედ საქართველო იყო პირველი, ვინც ამ საკითხზე ხმა ამოიღო. შესაბამისად, მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან სიჩუმე აღქმული იქნება, როგორც მინიშნება, რომ გარკვეულწილად, ჯერ კიდევ მხარს უჭერენ მსგავს ქმედებებს საქართველოსთან მიმართებით.
„ამაზე ჩვენ ვსაუბრობდით, რაზეც ძალიან დიდი კრიტიკა, თავდასხმა, ბულინგი მოდიოდა, მაგრამ შემდეგ თავად დონორმა ქვეყანამ - აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ აღიარა, რომ USAID-ი სწორედ ასეთი მიზნებისთვის იყენებდა სხვადასხვა ქვეყანაში დაფინანსებას. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ დროა, არა მხოლოდ ასეთი ტიპის აღიარება მოხდეს, არამედ, საქართველოს მიმართაც იქნას დასტური იმისა, რომ სწორედ საქართველო იყო მოწინავე და პირველი, ვინც ამაზე ხმა ამოიღო. თუკი ამაზე გაჩუმდებიან თავად დონორი ქვეყნები და ტრამპის ადმინისტრაცია, ესეც გარკვეული მინიშნება იქნება, რომ შესაძლოა, არაპირდაპირ, გარკვეულწილად, ჯერ კიდევ აწყობთ და მხარს უჭერენ. ასე რომ, ამას სჭირდება მკაცრი რეაქცია, ამას სჭირდება აღიარება და ამას სჭირდება ახალი ადმინისტრაციის მხრიდან იმის დასტური, საქართველოში რომ ასეთი რამ ხდებოდა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.