Loading data...
დავით მათიკაშვილი: უმძიმესი საყურებელია, როდესაც ეროვნებით ქართველი ადამიანები საკუთარ სამშობლოს მტრობენ, დაე, ეს იყოს გაფრთხილება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც არის მსგავს საქმიანობაში ჩართული

„უმძიმესი საყურებელია, როდესაც ეროვნებით ქართველი ადამიანები საკუთარ სამშობლოს მტრობენ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უცხო ქვეყანათა სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობენ, აგროვებენ ინფორმაციას“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირის დაკავებას.

„პირველ რიგში, მადლობა უნდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეფექტური, ოპერატიული და სამძებრო საქმიანობისთვის. უმძიმესი საყურებელია, როდესაც ეროვნებით ქართველი ადამიანები საკუთარ სამშობლოს მტრობენ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უცხო ქვეყანათა სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობენ, აგროვებენ ინფორმაციას.

კიდევ უფრო მძიმეა, როდესაც ეს ყველაფერი მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მათი ქსელის და სხვადასხვა გზებისა და მეთოდების გამოყენებით ხორციელდება.

ამ მძიმე ბრალდებას სახელმწიფო ადეკვატურად პასუხობს და ასევე, საკმაოდ სოლიდურია ის პასუხისმგებლობა, რომელსაც სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს.

დაე, ეს იყოს მაგალითი და გაფრთხილება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც არის მსგავს საქმიანობაში ჩართული - ამის შესახებ იყო კიდეც სუს-ის მიერ თავის დროზე გაფრთხილებული ჩვენი საზოგადოება.

სახელმწიფო, სპეცსამსახურები იქნებიან ძალიან აქტიურები და ეფექტურები, ყველა მსგავს შემთხვევას გამოავლენენ“, - აღნიშნავს მათიკაშვილი. 

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირი - გულბაათ რცხილაძე და ირაკლი ჩიხლაძე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის სასარგებლოდ საქმიანობდა, ხოლო „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის“ დამფუძნებელი ირაკლი ჩიხლაძე, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების პარალელურად, რეგიონში ჯაშუშურ ქსელს ხელმძღვანელობდა.